პოლიტოლოგი: თავდაცვის მესამე ექს-მინისტრმა ხიდაშელმაც გორში იყაროს კენჭი, ხალხი იმხიარულებს

თუ თინა ხიდაშელიც გორში იყრის კენჭს, ეს მეტ ინტერესს გამოიწვევს, გორის მაჟორიტარი დეპუტატისთვის თავდაცვის სამი ყოფილი მინისტრი იბრძოლებს, – ამის შესახებ „აიპრესს“ „ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა“ სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა. 

პოლიტოლოგის შეფასებით, ეს ხალხის მხიარულების საბაბი მაინც იქნება. 

„მეტ ინტერესს გამოიჩენს გორის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა, თუ მესამე კანდიდატიც თავდაცვის მინისტრი იქნება ქალბატონი ხიდაშელი სახით. რა თქმა უნდა არ ველოდები, რომ თინა ხიდაშელი გადაწყვეტილებას შეცვლის და კენჭს ზესტაფონის ნაცვლად გორში იყრის, მაგრამ ნათქვამია ღმერთს სამობით უყვარსო. რახან ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრი გვყავს გორის მაჟორიტარად წარდგენილი, ბარემ მესამეც გვყავდეს და ხალხი იმხიარულებს მაინც. 

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას, ეს ბუნებრივი ნაბიჯია. პოლიტიკურ ლიდერს ინიციატივის ხელში აღება ეკუთვნის კიდეც იმ ვითარებაში რაც ამ შემთხვევაში მოხდა, როდესაც კანდიდატმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. 

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ალასანიასა და ოქრუაშვილს ახლა არ გაუცვნიათ ერთმანეთი ისინი სტუდენტობიდან ურთიერთობენ. არა მგონია, რომ საპარლამენტო არჩევნები გახდეს მათი დაპირისპირების წინაპირობა. კონკურენცია მტრობას არ ნიშნავს, თუმცა სამწუხაროდ ხელისუფლებაში მოქცეული პოლიტიკური ძალები ოპოზიციას მტრად მოიხსენიებს და არა კონკურენტად“, – აცხადებს ცისკარიშვილი. 

პოლიტოლოგის შეფასებით, ორივე კანდიდატს აქვს გამარჯვების რეალური შანსი. ცისკარიშვილი აქვე დასძენს, რომ ალასანია პარლამენტში მაჟორიტარული არჩევნების წაგების შემთხვევაშიც მოხვდება.

„იმხიარულებენ გორელები. გამარჯვების რეალური საფუძველი ორივე კანდიდატს აქვს. ალასანია გაიმარჯვებს თუ არა გორში მაინც მოგვევლინება პარლამენტში, ვინაიდან ის პარტიული სიის პირველ ნომრად რჩება. 

დიახ, მგონია, რომ ალასანიას პარტია საარჩევნო ბარიერს გადალახავს. სხვადასხვა კვლევებით ამ პარტიას ზოგჯერ საჭიროზე მეტი ხმები აქვს, ზოგჯერ ოდნავ ნაკლები. ეს, მაშინ როდესაც ამომრჩევლის ნახევარს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას, წარმოუდგენელია, რომ ამავე ციფრზე დარჩეს პარტია, რომელიც უკვე შენიშნული და ხმებით მოსილია“, – განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა „აიპრესს“. 

შეგახსენებთ, გუშინ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს გორში იყრის. მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრას აპირებს კიდევ ერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც. ეს იმ ქალაქში, რომელსაც სამხედრო ქალაქსაც უწოდებენ ხოლმე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...