A1 ბანერი

PMC კვლევითი ცენტრი: საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსი 0.61-ია

“საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსია 0.61, რაც გულისხმობს, რომ დღეს საქართველოში დაბადებული ბავშვების მხოლოდ 61%-ით მოახერხებენ თავისი პოტენციალის რეალიზებას, ანუ პროდუქტიულობის იმ ხარისხის მიღწევას, რომელიც ექნებოდათ სრულყოფილი საშუალო განათლებისა და ჯანმრთელობის შემთხვევაში”, – ნათქვამია PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ნიუსლეთერში – “უთანასწორობა განათლებაში”.

“ინდექსი წარმოაჩენს პროდუქტიულობის იმ დანაკარგებს ქვეყნის ეკონომიკაში, რომელიც განათლებისა და ჯანდაცვის
პრობლემებით არის განპირობებული. საგულისხმოა, რომ ეს პრობლემები, შესაძლოა, უფრო დიდი იყოს დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე ჯგუფებში, სადაც ჯანდაცვის და განათლების კუთხით არსებული ხარვეზები
ხელს უშლის ადამიანების პოტენციალის რეალიზებას.

ეს ბიულეტენი სოციოეკონომიკურ ჭრილში განიხილავს ადამიანის კაპიტალის განათლების კომპონენტს და წარმოაჩენს სიღარიბით გამოწვეულ შეზღუდვებს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. განათლების დონის შეფასებისას, ადამიანური კაპიტალის ინდექსი ყურადღებას აქცევს ჩარიცხვის მაჩვენებლებს, ისევე როგორც სწავლის ხარისხს.

საქართველოში სკოლაში ჩარიცხვის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია ყველა სოციოეკონომიკურ ჯგუფში (99%), თუმცა სწავლის ხარისხის შეფასებისას თავს იჩენს ქვეყანაში არსებული სოციოეკონომიკური უთანასწორობა.

PISA-ს (Programme for International Student Assessment) შეფასების ტესტში მოსწავლეთა 51%, 52%, და 57% ვერ აღწევს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს მეცნიერებაში, კითხვასა და მათემატიკაში. ყველაზე მაღალ სოციოეკონომიკურ მეოთხედში შესაბამისი ნიშნულებია 32%, 32% და 36%, მაშინ როცა ყველაზე დაბალ სოციოეკონომიკურ მეოთხედში ზღვარს მიღმა მყოფი მოსწავლეების წილი 68%, 70%, და 76%-ს აღწევს.

საქართველოში სოციოეკონომიკური უთანასწორობის შესწავლა სოფელს და ქალაქს, ასევე, საჯარო და კერძო სკოლებს შორის არსებული განსხვავების საფუძველზეც შეიძლება. გასაკვირი არაა, რომ TIMSS-ის კვლევაში მოსწავლეების შედეგებზე დაყრდნობით, ქალაქის კერძო სკოლებში მოსწავლეებს სხვებზე გაცილებით უფრო მაღალი შედეგები აქვთ.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...