“პლეიოფებში მწვრთნელთა ტაქტიკური ბრძოლები იქნება, ველოდოთ სენსაციებსაც” – ინტერვიუ ოთარ გაბელიასთან

ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გარკვეული კონტურები გამოიკვეთა, თუმცა ბევრ გუნდს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი ჯერ არ გამოუვლენია. გულშემატკივრისთვის სიურპრიზი იყო იტალიის ნაკრების შემტევი ფეხბურთი და ბევრი ნეიტრალური გულშემატკივრის გულიც მოიგო ამით.

„აიპრესთან“ ინტერვიუში ვეტერანი ფეხბურთელი ოთარ გაბელია აფასებს ჯგუფურ ეტაპს და საუბრობს იმაზე თუ რას შეიძლება ველოდოთ ფინალურ ეტაპზე.

პირადად თქვენზე რომელმა გუნდმა დატოვა ყველაზე კარგი შთაბეჭდილება?

სხვადასხვა თამაშში, სხვადასხვამ. ყველა თამაში ხომ არ ყოფილა ერთნაირი?! მაგალითად, გერმანიის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა პორტუგალიასთან მატჩის დროს, მაგრამ გუშინდელ თამაშში ვერ იყო სათანადო დონეზე. მე პირადად ყველაზე მეტად იტალიის და საფრანგეთის ნაკრებები მომეწონა.

მაგრამ ჯგუფური ეტაპი მაინც არ არის საზომი. ზოგი ჯგუფში კარგად თამაშობს და მერე ჩავარდნა აქვს ხოლმე. ზოგი კი პირიქით არის, ჯგუფში ჩავარდნა აქვს და თუ მოახერხებს გასვლას, მერე უკეთეს თამაშს აჩვენებს. ანუ არაპროგნოზირებადია ჯგუფური ეტაპის მატჩები.

ჯერჯერობით ყველაზე მეტად იტალიის ნაკრები მომეწონა. კარგი იყო საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებების თამაშიც.

ფავორიტად ვის დაასახელებდით?

იტალიის ნაკრების ქომაგი ვარ და მინდა, რომ იტალიამ გაიმარჯვოს. ბავშვობიდან იტალიას ვგულშემატკივრობ და როცა ვერ თამაშობს, მაშინ სხვას რომ ვუქომაგო, არ შემიძლია. კარგ თამაშს აჩვენებენ თუ ცუდს, ყოველთვის მას ვქომაგობ.

1/8 ფინალებიდან რას ელოდებით?

უკვე ოლიმპიური სისტემაა და ყველა შედეგზე იქნება ორიენტირებული.

სანახაობას ნაკლებად უნდა ველოდოთ?

შესაძლოა ზოგმა გუნდმა გარისკოს, მაგრამ მწვრთნელთა ტაქტიკური ბრძოლები იქნება. საბოლოოდ მთავარი მაინც ეს არის. ვთქვათ თუ ფავორიტ საფრანგეთს ეთამაშება სხვა გუნდი და მას ტაქტიკურად კარგად დაუდგა და გუნდურად ვერაფერი გამოუვიდა, მერე იმ თამაშს წყვეტს ინდივიდუალისტი. როდესაც მოწინააღმდეგე ტაქტიკურად კარგად დაგიდგება და მომენტს ვერ ქმნი, მერე მბაპეს და მესის დონის ფეხბურთელები წყვეტენ მატჩის ბედს ინდივიდუალურობის ხარჯზე.

ფეხბურთი მაინც შედეგია. რაც არ უნდა ლამაზად ითამაშო და მაყურებელს მოეწონოს, თუ წააგებ, რა აზრი აქვს?! საბოლოოდ შედეგია მაინც. 20 წლის მერე ნახავენ სტატისტიკას, ვინ მოიგო. გახსოვთ 2004 წელს საბერძნეთი რომ გახდა ევროპის ჩემპიონი? ხომ არ ყოფილა სხვა გუნდებზე ძლიერი და არც სანახაობრივი თამაში უჩვენებია, მაგრამ ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად კარგად დადგა და ჩემპიონი გახდა. 20 წელი რომ გავა დაითვლიან, ვინ იყო იმ წელს ჩემპიონი? – საბერძნეთის ნაკრები. ის ხომ არ იციან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა თუ არა.

არ გვინახავს სენსაციები. ელოდებით თუ არა, რომ იქნება სენსაციები პლეიოფებში?

შეიძლება. მაგალითად, უკრაინა მოხვდა ისე, რომ სხვაზე იყო დამოკიდებული და ამის გამო მოხდა, რომელიც შვედეთს ეთამაშება. არ არის გამორიცხული გაიაროს ეს ეტაპიც. არ არსებობს ჩემპიონატი, სადაც სენსაცია არ მოხდეს.

კრისტიანო რონალდო კია ბომბარდირი, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ჯერ არ გაუბრწყინია. ვნახავთ იგივე რონალდოს ან მბაპეს გაბრწყინებას?

გუნდურ თამაშზე არიან ორიენტირებულები და როცა მოწინააღმდეგეს გასაღებს ვერ უპოვიან, მერე წყვეტენ თამაშის ბედს რონალდოს და მბაპესნაირი ფეხბურთელები. ყველას უნდა ჩემპიონობა, მაგრამ ყველა ვერ ხდება. ინდივიდუალისტები აჩვენებენ თავის თამაშს და მე ასე ვფიქრობ, რომ სანახაობა იქნება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...