“პირველი წიხლი მომხვდა მე და მერე თმა მომქაჩა მამაომ” – “ტვ პირველის” ჟურნალისტი ერთ-ერთ ინციდენტზე

დღევანდელი კონტრაქციის წარმომადგენლები მედიის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი ინციდენტი მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან მოხდა, სადაც კორპუსის სადარბაზოში “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი დაატყვევეს. დაუმტვრიეს კამერა და მობილური ტელეფონი.

ოპერატორი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება, რომელსაც ჩამტვრეული აქვს ყბის ძვლები, ჟურნალისტი კი “ფორმულას”, “მთავარი არხის” და “ტვ პირველის” ერთობლივ გადაცემაში ინციდენტის დეტალებს იხსენებს:

“ჩემი ოპერატორი ლექსო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. იმიტომ, რომ დამიცვა მე. პირველად, როდესაც შემოიჭრნენ, პირველი წიხლი მომხვდა მე. მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ. მითხრა, რომ ახლა მაინც გაგაჩუმებო. ამ დროს ჩემმა ოპერატორმა უთხრა ფრაზა, რას აკეთებ ჟურნალისტიაო. ამ დროს ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორი – როცა კოლეგებს ვხედავთ, ერთმანეთს კბილებით ვიცავთ ხოლმე, ადამიანებს კი ჰგონიათ, რომ კონკურენტები ვართ, მაგრამ გარეთ ერთმანეთს კბილებით ვიცავთ ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ძალიან დაუცველები ვიყავით მე და ჩემი ოპერატორი. რაც მთავარია, დაუცველი იყო საპატრულოს ერთი თანამშრომელი. ერთადერთი სამოც კაცთან. არ მინდა წარმოვიდგინო – იქ რომ “სირცხვილიას” აქტივისტები დახვედროდათ მათ, რა მოხდებოდა. აუცილებლად იქნებოდა მსხვერპლი.

კიბის მოაჯირზე 15 კაცს ვყავდი გაკავებული, ვკიოდი – ჩემი ოპერატორი არ მოკლათ-მეთქი, რომელსაც 5 წუთი უმოწყალოდ სცემდნენ. რომ ვკიოდი მჩქმეტდნენ და წიხლებს მიტყამდნენ. ერთადერთი ნათელი ის იყო, რომ მესმოდა ხმა. როცა ვეღარ გავიგე, მეგონა, რომ მოკლეს. ტელეფონი გადამიგდეს და მხოლოდ ფილმებში მინახავს ეს სცენა – ოცმა კაცმა ჩაითრიეს ლექსო და აღარ ჩანდა”, – თქვა ჟურნალისტმა.

ის ვარაუდობს, რომ პოლიციამ იცოდა, რომ “სირცხვილიას” ოფისს დაარბევდნენ, მაგრამ პოლიციამ აქტივისტები გაწირა.

კომენტარები
იტვირთება...