პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის იუბილე მის მშობლიურ სოფელში პირველად აღინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ივანე პაპიაშვილი და შინაგან საქმეთა არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდ ვანში, საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლიურ სოფელში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდ ვანში, ნოე რამიშვილის იუბილე პირველად აღინიშნა.  საჯარო შეხვედრა იმ სკოლის  ეზოში ჩატარდა, რომელშიც იგი სწავლობდა.


ღონისძიებას ნოე რამიშვილის შთამომავლები, ისტორიკოსები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობა, ასევე, სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.


სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა, ნოე რამიშვილის შთამომავლებმა, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელმა და ისტორიკოსებმა 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ შეტანილ წვლილსა და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღსადგენად მის ბრძოლაზე ისაუბრეს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო  შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ნოე რამიშვილის შესახებ დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული საინფორმაციო ბანერები, ისტორიული დოკუმენტების ასლები და ფოტოები, რომლებიც სოფლის სკოლას და ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს  სამახსოვროდ გადაეცა. სოფელ დიდი ვანის სკოლაში უახლოეს მომავალში რამიშვილების მუზეუმიც გაიხსნება.
ღონისძიების დასასრულს, სკოლის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის – „პირველი რესპუბლიკის“ ჩვენება გაიმართა.


ნოე რამიშვილის შთამომავლების ინიციატივით, სოფელ დიდი ვანის სკოლაში ნოე რამიშვილის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია დაწესდება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სოფელ დიდ ვანში, ნოე რამიშვილის ნასახლართან ახლოს, მისმა საფრანგეთში მცხოვრებმა შვილიშვილმა, მიშელ რამიშვილმა ეზო შეიძინა და სახლი აიშენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად