პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შესანარჩუნებლად ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობამ „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე matsne.gov.ge გამოქვეყნდა.

პროგრამა ბენეფიციარებისთვის საქართველოში პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით მიღებული ცვლილების სუბსიდირებას ითვალისწინებს. პროგრამა 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. მისი განხორციელებისთვის კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

სუბსიდიით ბენეფიციარი ისარგებლებს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, კონვერტაციის დღეს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს, 1 ევროს ღირებულება კი 3.3 ლარს აღემატება.

„სუბსიდია განხორციელდება პროდუქტის იმ ჯამური მოცულობის თანხის ლიმიტზე, რომელიც საქართველოში იმპორტირებული იყო 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებული საქონლის ჯამურ მოცულობას დაადგენს შემოსავლების სამსახური და აცნობებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“, წერია მთავრობის დადგენილებაში.

დადგენილების მიხედვით, ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციისას შეასრულოს პროგრამის პირობები და ამ პროდუქტებზე არ გაზარდოს ფასი. ბეიფიციარის მიერ ამ პროდუქტებზე ფასის გაზრდის შემთხვევაში მას მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო დაეკისრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად