“პირველად მთლიანი პური მოვხატე, პური მენატრებოდა“ – 88 წლის ელენე ბებოს საოცარი კენჭთა გამა (ფოტორეპორტაჟი)

88 წლის ელენე ბებო თელავის საპატიო მოქალაქეა.. ხელოვანი მოზაიკის პრინციპით მხატვრული ნამუშევრების შექმნისას არაერთ საინტერესო და უცნაურ მასალას იყენებს. მისი ნახატები ქვის, მინის ნამსხვრევების, ჭურჭლის ნატეხების, კენჭების, ქაღალდის და ფაიფურის ერთობლიობაა.

88 წლის ელენე ბებო თელავის საპატიო მოქალაქეა.. ხელოვანი მოზაიკის პრინციპით მხატვრული ნამუშევრების შექმნისას არაერთ საინტერესო და უცნაურ მასალას იყენებს. მისი ნახატები ქვის, მინის ნამსხვრევების, ჭურჭლის ნატეხების, კენჭების, ქაღალდის და ფაიფურის ერთობლიობაა.

როგორც ელენე ბებო “აიპრესს” უყვება, ნამუშევრების შესაქმნელად მსგავსი მასალის გამოყენების ინსპირაცია უკიდურესი გაჭირვება იყო, როდესაც ფანქრის და საღებავის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა.

ასე შეიქმნა რამდენიმე ათეული ულამაზესი, იშვიათი ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი, რომელთა ნახვის საშუალება დამთვaლიერებელს ელენე ბებოს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მის მიერვე მოწყობილ საგანგებო გალერეაში აქვს.

– როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ დაგეწყოთ ეს საინტერესო და საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა, რა იყო ამის წინაპირობა?

– საკმაოდ რთული ბავშვობა მქონდა. დედაჩემმა მე და ჩემი ტყუპისცალი რომ გაგვაჩინა, დადამბლავდა. დადამბლავებული ქალი ქმარმა მიატოვა, გვარად ნიჟარაძემ, წავიდა. დარჩა დედა ასე ორი პატარა ტყუპი გოგოთი, დედას ავადმყოფობის გამო ბავშვების მოვლა არ შეეძლო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ე.წ. ,,პრიუტში,, ვიზრდებოდი. ხატვა მიყვარდა ძალიან, მაგრამ ფანქრები და “კრასკები” არ მქონდა, ვფიქრობდი, რით დავხატო, რომ ფანქრები და კრასკები არ უნდოდეს მეთქი, და ბოლოს მივადექი კენჭებს, ჭურჭლის ნამტვრევებს და იქიდან ვიღებ ფერებსაც და ყველაფერს.

– თუ გახსოვთ, პირველად რა გააკეთეთ ამ მასალით, რა იყო თქვენი, როგორც მხატვრის პირველი ნამუშევარი?

– პირველად, ბებო, პური გავაკეთე, კენჭებისგან გავაკეთე მთლიანი პური. გაინტერესებთ ალბათ რატომ? იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობდით, დედას არასდროს არ ჰქონდა ჩვენთვის მთლიანი პური, სულ ნატეხებს ვჭამდით და ამიტომ. არ ვიყავი ძალიან მდიდარი, რომ პური მქონოდა.

– რა ასაკიდან დაიწყეთ ხატვა?

პატარა ბავშვი ვიყავი, აღარ მახსოვს ზუსტად. როგორც გითხარით, დედა რომ დადამბლავდა, მე “პრიუტში” ვიზრდებოდი, ხატვა მინდოდა, იქ კიდე ეზოში ქვიშა იყო აგორებული, კენჭები იყო და იმ ქვიშაში ჩავჯდებოდი ხოლმე და ხან რას ვაკეთებდი და ხან რას, ხოდა ამ კეჭებმა გამიტაცა, გამიტაცა და ახლა კენჭებისგან სურათები მაქვს.

ზუსტად არ ვიცი რამდენი ნამუშევრი მაქვს შექმნილი, მაგრამ ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ. მრავალი წლის წინ, ბათუმში რომ ვისვენებდი, იდეა მომივიდა. ზღვის სანაპიროზე პანო გავაკეთე რვა მეტრიანი, კენჭებს ვეზიდებოდი ყველა მხრიდან, დამსვენებლებიც მეხმარებოდნენ, ისეთი ლამაზი გამოვიდა, წარმოიდგინეთ რვა მეტრი.

– რამდენად დიდი ადგილი უკავია ამ საქმიანობას თქვენს ცხოვრებაში?

მართალია რთული ცხოვრება გავიარე, მაგრამ მე ჩემ თავს ბედნიერად ვთვლი, რომ გადავხედავ წარსულს ბედნიერი ვარ. რაღაცას რომ ვაკეთებ ახალს ისე მიხარია, ყოველი კენჭი მიყვარს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამ კენჭებს და მინის ნატეხებს სიცოცხლეს მე ვაძლევ.

– ახალი ნამუშევრების შესაქმნელად საიდან მოგაქვთ, როგორ აგროვებთ მასალას, მაგალითად ქვებს ან ფერად მინას?

ცემენტი და ქვიშა იშოვება, ქვებიც ყრია ყველგან, ოღონდ არჩევა უნდა, ლამაზ ქვებს ვარჩევ ხოლმე, ფორმებიც რომ ისეთი ჰქონდეთ, ჩემ ჩაფიქრებულ ნამუშევარში როგორც მაქვს წარმოდგენილი. მაგალითად, ყოფილა ჩემთხვევა, ქუჩაში მიმავალს მომწონებია ქვა და დამიწყია აკრეფა და წამომიღია სახლში, ან რაიმე ნატეხი დამინახავს ჭურჭლის ან მინა.
ბავშვებს ვამზადებ, მაგრამ დაახლოებით ერთი კვირაა აღარ მოსულან ჩემთან. მინდა, ახალგაზრდა თაობას ვასწავლო ჩემი საქმე, რომ მე რომ აღარ ვიქნები, იქნებ ვინმემ გააგრძელოს ეს საქმე. ვასწავლი პატარებს როგორი ქვა ჯობია ნამუშევრების შესაქმნელად და ა.შ. ექვსი ბავშვი მყავს ამ ეტაპზე, უხარიათ აქ მოსვლა და მოსწონთ სწავლის პროცესი.

– რამდენად ხშირად მოდიან დამთავლიერებლები თქვენს გალერეაში და ტურისტებიც თუ გსტუმრობენ?
– ხშირად მოდიან, მათ შორის ტურისტებიც. მაგალითად, საფრანგეთში ცხოვრობს ერთი გოგონა, რომელიც ძალიან არის დაინტერებული ჩემი შემოქმედებით და მან გამოგზავნა ჩემთან ფრანგი ტურისტები. ნამუშევრები მოსწონს ყველას, მაგრამ აზროვნებაა საჭირო, რომ ღრმად ჩაწვდე თითოეულ ნამუშევარს.

აი, მაგალითად გამოფენა საფრანგეთშიც მქონდა, ვინ მაჩვენებდა მე, ამ ღარიბ ქალს საფრანგეთს, თუ არა ჩემი ნახატები. განა მხოლოდ საფრანგეთი ვნახე, არაერთი ქვეყანა მაქვს მოვლილი ჩემი ნამუშევრების წყალობით, ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ყველაფერს რომ ვიხსენებ, სულ მეტირება.

– რა დრო ჭირდება ერთი ნახატის შექმნას?

ეს ისეთი კითხვაა, გალერიაში ვინც დაათვალიერებს, მაშინვე რომ იპოვის პასუხს. ძალიან დიდი დრო და ენერგია ჭირდება ამ საქმეს, ძალიან შრომატევადია ის საქმე, რასაც მე ვაკეთებ. თითოეულ ნახატს რომ დააკვირდეთ, მაშინვე მიხვდებით რამხელა დრო და შრომაა ჩადებული მასში.

– გალერეა სახლში გაქვთ მოწყობილი, არ გაქვთ სურვილი, რომ თქვენი ნამუშევრები მუზეუმში, სპეციალურ საგამოფენო სივრცეში განთავსდეს?

არა, რას ამბობთ, როგორ უნდა გავიმეტო სადღაც რომ იყოს. ყველა ნამუშევარი ჯერ ჩემთან არის და როდესაც ცოცხალი აღარ ვიქნები, რას გავიგებ ვინ რას სად წაიღებს. მე მიხარია, რომ მომავალში ეს ყველაფერი საზოგადოებას ჩაბარდება და მიაქცევენ ყურადღებას. ეს ისეთი რაღაც არ არის, რომ ფანქარი დადო და დახატო უცბათ ყვავილი, ეს სულ სხვა რამ არის.

რომ დადო ქვა, გულით და სიყვარულით უნდა დადო, სული უნდა ჩაუდგა, თითქოს გელაპარაკება და განიშნებს სად უნდა განათავსო. ჩემ გალერეაში რომ შევალ სულ სიხარულით ვივსები, ყველა კენჭი ქვა თუ ქვიშა, თითქოს ლაპარაკობენ “ელენე მოვიდა”.

მე რომ შვილი მყოლოდა, უბედნიერესი ვიქნებოდი, მაგრამ ახლა ეს ნახატებია ჩემი შვილები, თითქოს რომ ველაპარაკები ესმით ჩემი და ამით ვარ ძალიან ბედნიერი.

ავტორი: ნათია ნანაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...