პირველად 30 წლის განმავლობაში, ესტონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება

ესტონეთის პარლამენტი დღეს ახალი პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პირველ ტურს ჩაატარებს. ინფორმაციას ERR ავრცელებს.

პირველად 30 წლის განმავლობაში, არჩევნებში იქნება მხოლოდ ერთი კანდიდატი – ესტონეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორი ალარ კარისი.

მისი კანდიდატურა რეფორმის პარტიამ და ცენტრისტულმა პარტიამ წარადგინეს. ამ ორ პარტიას პარლამენტში 59 ადგილი აქვს. ქვეყნის პრეზიდენტის ასარჩევად კანდიდატს ხმა 101 დეპუტატიდან სულ მცირე 68-მა უნდა მისცეს.

თუ კანდიდატი პირველ ტურში ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, 31 აგვისტოს მეორე ტური გაიმართება. ჯამში კანონმდებლობა სამი ტურის გამართვას ითვალისწინებს და ყველას წარუმატებლობის შემთხვევაში, პროცესი ამომრჩეველთა კოლეგიაში გადავა, სადაც პარლამენტის 101 დეპუტატს ადგილობრივი თვითმმართველობის 107 წარმომადგენელი დაემატება.

კარისის გამარჯვების შემთხვევაში, ის ესტონეთის მოქმედ პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს შეცვლის და მუშაობას ოქტომბერში შეუდგება.

კომენტარები
იტვირთება...