პირს, რომელმაც ვაგზლის მოედანის მიმდებარედ აზერბაიჯანის მოქალაქე დააყაჩაღა, 8 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული დ.კ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ვაგზლის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები დ.კ. და არასრულწლოვანი რ.კ. თავს დაესხნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს ე.ჯ.-ს და დანების გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით 875 ლარის ღირებულების პირადი ნივთები გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა დ.კ. და არასრულწლოვანი რ.კ. 2018 წლის 7 აგვისტოს, ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ. დ.კ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო არასრულწლოვან რ.კ.-ს მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა.

არასრულწლოვან რ.კ.-ს საქმე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და ცალკე წარიმართა სასამართლოში განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად