ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებაც ფრაქციის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში დაწყებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი არალეგიტიმურად მიაჩნია და აცხადებს, რომ „ლელო“ ამ პროცესის ლეგიტიმაციას არ აპირებს და შესაბამისად, მონაწილეობას არ მიიღებს ამ პროცესში.

დეპუტატის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ამ პროცესის წამოწყებით 19 აპრილის შეთანხმება დაარღვია,

„ქართულმა ოცნებამ ამ ნაბიჯის გადადგმით აშკარად დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება და ამ ნაბიჯით იგი ბოიკოტს უცხადებს სასამართლო რეფორმას, რისი ვალდებულებაც აიღო შეთანხმებით. ჩვენ მოვითხოვთ: სასწრაფოდ შეიკრიბოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი სასამართლო რეფორმაზე; საჩქაროდ დაიწყოს იუსტიციის არა მოსამართლე წევრების შერჩევის პროცესი, სადაც ოპოზიციის მონაწილეობა და ხმები არის კონსტიტუციით გარანტირებული რომ სავალდებულოა და ჩვენ გარეშე ვერ დანიშნავენ წევრებს; შეჩერდეს უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და შედგეს კომისია, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, რაზეც ასევე არის მითითება 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც შეისწავლის სასამართლოში არსებულ მდგომარეობას და ზუსტ და სწორ რეცეპტს მოგვცემს პარლამენტს იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გატარდეს. სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ის არალეგიტიმური პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო იურიდიულ კომიტეტში და რომლის მიზანიც იყო შეეტყუებინა ოპოზიცია და არსამთავრობო სექტორი და ჩაერთო ამ პროცესში და მერე ეთქვა, რომ ეს პროცესი იყო ინკლუზიური, ეს უკვე არ შედგა. არაერთმა აქტორმა ღიად განაცხადა, მათ შორის, „ლელომ“, რომ ჩვენ ამ პროცესის ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ. „ქართული ოცნება“ არღვევს შეთანხმებას, ჩვენ ამ შეთანხმების დარღვევას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ფრაქციის სახელით ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...