ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” საარჩევნო სისტემის “გერმანულ მოდელთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო ფრაქცია ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” საარჩევნო სისტემის “გერმანულ მოდელთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომესაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

“მოგეხსენებათ, რომ „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციის თითოეულმა წევრმა მხარი დავუჭირეთ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს.

ვთვლით, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობდა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული პოლარიზაციის შემცირებას.

სწორედ მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის გამო ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ თავს იკავებს არჩევნებში მონაწილეობისაგან ან იძულებულია ხმა მისცეს არა მისთვის სასურველ ძალას, არამედ მისთვის კატეგორიულად მიუღებელი პარტიის საწინააღმდეგოდ.

ჩვენ მოსახლეობას უნდა მიეცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრიდან. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დღესაც მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ სამართლებრივ ინიციატივას, რომელიც შეამცირებს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკებს და გაზრდის საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პლურალიზმს.

საარჩევნო სისტემის ე. წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით იკვეთება არაერთი სამართლებრივი შეკითხვა და ფიქსირდება ურთიერთგამომრიცხველი პოზიციები თავად კონსტიტუციონალისტებს შორის. საინტერესოა ეუთო-სა და ვენეციის კომისიის მოსაზრებები აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებით.

ჩვენი ფრაქციის საბოლოო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის „გერმანულ მოდელთან“ ან მის სხვა ადაპტირებულ ვერსიასთან დაკავშირებით დიდად იქნება დამოკიდებული ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დასკვნებზე.

ამასთან, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ვგეგმავთ დამატებითი კონსულტაციების გამართვას საპარლამენტო ფრაქციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, კონსტიტუციონალისტებთან და საარჩევნო სისტემის ექსპერტებთან” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად