A1 ბანერი

ფრანგი მწერალი: 50 წელს გადაცილებული ქალები სიყვარულისთვის ძალიან ბებრები არიან

ფრანგი მწერალი იან მუა, რომელიც 31 მარტს 51 წლის გახდება, აცხადებს, რომ მას არ ძალუძს 50 წელზე მეტი ხნის ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა.

ჟურნალ Marie Claire-თან ინტერვიუში იანი ამბობს, რომ ის მხოლოდ მასზე ახალგაზრდა ქალებთან დადის და 50 წელზე მეტი ასაკის ქალის სიყვარული არ შეუძლია.
“მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბებერია (50 წლის ქალი – “აიპრესი”). როდესაც მე 60 წლის გავხდები, მაშინ შევძლებ”, – აცხადებს იან მუა.

იანი აზუსტებს, რომ მას არ ეზიზღება 50 წლის ქალი, უბრალოდ არაა ასეთებით დაინტერესებული. “მე ვამჯობინებ ახალგაზრდა ქალებს, სულ ესაა. წერტილი. 25 წლის ქალის სხეული არაჩეულებრივია. 50 წლის ქალის სხეული სულაც არაა არაჩვეულებრივი”.

ინტერვიუში იანი აგრეთვე ამბობს, რომ აზიელ ქალებს ხვდება, ძირითადად, იაპონელებს, კორეელებს და ჩინელებს. “მე არ ვტრაბახობ”. ბევრ ადამიანი ვერ შეძლებს თქვენთან ამის აღიარებას, იმიტომ რომ, ეს რასიზმია. ეს შეიძლება ძალიან სამწუხარო და დამამცირებელი იყოს ქალებისთვის, რომლებსაც მე ვხვდები, მაგრამ აზიური ჟანრი ძალიან მდიდარი, მრავალფეროვანი და უსაზღვროა. ასე რომ, მე არ მრცხვენია ამის გამო, – აცხადებს იან მუა.

ინტერვიუს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მარინა ფოისმა, ფრანგმა კომედიანტმა, ტვიტერზე გაიხუმრა, რომ მას მალე 49 წელი უსრულდება და “ერთი წელი და 14 დღე” დარჩა იან მუასთან დასაწოლად.

ფრანგმა ჟურნალისტმა და მწერალმა, 52 წლის კოლომბ შნეკმა თავის უკანალის ფოტო გამოაქვეყნა (მოგვიანებით აიღო) წარწერით: “52 წლის ქალის საჯდომი… რა ჭკუასუსტი ხარ, შენ არ იცი, რა გაუშვი ხელიდან…”

პარლამენტის წევრმა, მაკრონის პარტიის პრესმდივანმა ოლივია ჟეგორმა, ტვიტერზე იან მუას კრიტიკისას აღნიშნა, რომ ტუტუცობას და უხამსობას ასაკი არ აქვს.

მე არ ვარ პასუხისმგებელი ჩემი გემოვნების გამო, – განაცხადა იან მუამ რადიო RTL-ის სტუდიაში მის მიმართ გამოხატული აღშფოთების საპასუხოდ.

ცნობისთვის, იან მუა არის გონკურის, ფრანსუა მორიაკის და სხვა ლიტერატურული პრემიების მფლობელი, სამი ფილმის რეჟისორი და პოპულარული სატელევიზიო ტოქშოუს ტელეწამყვანი.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...