PHR: ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ნიკოლო ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს.

“საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა PHR-ის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა. გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.

ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა”, – ნათქვამი გავრცელებულ ინფორმაციაში.

2020 წლის 22 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავა.

2020 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. რის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა გაავრცელა განცხადება.

მოგვიანებით კი თავად ბრალდებულმა გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს: ვწუხვარ, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...