ფოტოკონკურსი თემაზე „ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ტოლერანტობის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე „ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საკონკურსო ფოტო უნდა ასახავდეს საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის თანაცხოვრებას, ყოველდღიურობასა და ტრადიციებს. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. საკონკურსო ფოტო შესაძლოა გადაღებული იყოს როგორც ფოტოკამერით, ასევე მობილური ტელეფონით. მიიღება შავ-თეთრი და ფერადი ფოტოები. იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ფოტოს მინიმალური რეზოლუცია უნდა იყოს 1920X1080; ფოტოები მიიღება JPEG ან PNG ფორმატში; ნამუშევრის საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს ავტორს.

წესების თანახმად, თითოეულ მონაწილეს 3 ფოტოს წარმოდგენა შეუძლია. საკონკურსო მასალების მიღება დაიწყება პირველ ნოემბერს და 13 ნოემბრის ჩათვლით გასტანს. ნამუშევრების გამოგზავნა შესაძლებელია მისამართზე: press@smr.gov.ge. გამოგზავნისას Subject-ში მიუთითეთ ფოტოკონკურსის თემის სახელწოდება. აგრეთვე, სავალდებულოა ფოტოს ავტორის სახელისა და
გვარის და საკონტაქტო ნომრის მითითება.

სპეციალურად შერჩეული ჟიური 13 გამარჯვებულ ფოტოს გამოავლენს, რომელთაც სიმბოლური პრიზები 22 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცემათ. ამავე მიღებაზე გამოიფინება ცამეტივე გამარჯვებულის ნამუშევარი. აღნიშნული ფოტოების გამოყენებით დაიბეჭდება 2020 წლის სამაგიდო კალენდრები.
კონკურსის მხარდამჭერია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად