ფოთში, ზღვაზე დამსვენებლები დაბინძურებულ წყალს უჩივიან

ფოთში, ზღვაზე დამსვენებლები დაბინძურებულ წყალს უჩივიან. მათი განმარტებით შეუძლებელია ზღვაში ბანაობა, რადგან წყალი ხავსითაა სავსე. აღნიშნულთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ წყალმცენარეები სავარაუდოდ, მდინარე კაპარჭინაზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების შედეგად წარმოიქმნა. სანაპიროს სხვადასხვა ადგილიდან გამოსაკვლევად აღებულ იქნა წყლის სინჯი და თუ რამდენად ახდენს გავლენას წყლის ხარისხზე ეს პროცესი, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

“ეს არის ხავსი, რომელიც მე მგონი, კაპარჭინა რომ იწმინდება იქიდანაა წამოსული, იმიტომ რომ ხავსი ზღვაზე არასდროს გამოჩენილა. ეს ესტეტიკურადაც არასასიამოვნოა რა თქმა უნდა. ჩვენ ლაბორატორიულად გამოვიკვლევთ თუ რა ზეგავლენას მოახდენს ეს ზღვის ხარისხზე. ხავსი ხავსია მაგრამ, ვთქვათ მიკრო-ბიოლოგიურად, ქიმიურად რა ცვლილებებს გამოიწვევს აი ამ მიზნით გუშინ მოხდა წყლის სინჯის აღება ოთხივე სანაპიროდან. წინასწარი პასუხი სამ დღეში გვექნება”, – განაცხადა ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა გია რუხაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის მოწვევით, ფოთში მკვლევარი შუქრი თავართქილაძე იმყოფებოდა. ის არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. „წყალმცენართა გამრავლება კლიმატური და ბუნებრივი პირობების თანხვედრის გამო მოხდა. მასზე ასევე გავლენა იქონია პანდემიის გამო მდინარეების დაბინძურების შემცირებამ და შესაბამისად ზღვაშიც ნაკლები რაოდენობით ნარჩენები ჩაედინება.

მსგავსი მოვლენები ქვიშიან სანაპიროებზე პერიოდულად ხდება და წელს სხვადასხვა პირობების გავლენით წყალმცენარეების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა.

თუმცა, პირველი შტორმის შედეგად სანაპირო ზოლი წყალმცენარეებისგან გაიწმინდება“, – განაცხადა მკვლევარმა შუქრი თავართქილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად