ფოთში, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა (ფოტორეპორტაჟი)

ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებშიც შეაღწია. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ეს პრობლემა წლებია მოუგვარებელია და მსგავსი სიტუაცია პრაქტიკულად ყოველი წვიმის შემდეგ იქმნება.

„სამი დღის წინ იგივე სიტუაცია იყო, მოვიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და დაგვეხმარა წყლის ამოტუმბვაში, მაგრამ ბოლობდე მაინც ვერ ამოტუმბეს. ამის გამო ჩვენი სახსრებით გუშინ ვიქირავეთ მუშები დასახმარებლად. დღესაც შემოვიდა წყალი. სახლში ყველაფერი გაგვიფუჭდა და დაგვიზიადნა. ყოველი ძლიერი წვიმის დროს ასეთი მდგომარეობაა, როდემდე უნდა გაგრძელდეს არ ვიცით. მერიიდან იყვნენ და დახმარებას დაგვპირდნენ. სამი დღის წინ უხვი ნალექი რომ მოვიდა ელქტროენერგია გაითიშა, შესაბამასიად სატუმბი სადგურები არ მუშაობდა და დატბორვის მიზეზი ეს იყო, მაგრამ ამჯერად ელექტროენერგია არ გათიშულა და რა გახდა მიზეზი არ ვიცი“,- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნანული ძიგოევმა.

ფოთის მერიაში განმარტავენ, რომ ყველა წყალსატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა ზღვაზე არის ძლიერი ღელვა და ვერ ხერხდება წყლის გადადინება. შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც დაითვლის მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს.

„უჩვეულო ძლიერი ნალექი მოვიდა. დაიტბორა ქალაქის 4 ქუჩა. წყალმა შეაღწია ეზოებშიც. ამ წუთებში რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და ქუჩების დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია. მიმდინარეობს ზარალის დათვლა“, – აღნიშნა ინფრასტრქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კახა მაშავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად