ფოთში საპენსიო ასაკის 50-ზე მეტმა პედაგოგმა საქმიანობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა

ფოთში, საპენსიო ასაკის 100-მდე პრაქტიკოს პედაგოგიდან, 50-ზე მეტმა საქმიანობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა

განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ისინი ჯილდოს სახით, ორი წლის ჯამურ ხელფასს, სექტემბრის თვეში ერთდროულად მიიღებენ. როგორც ფოთის რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ აღნიშნა, საპენსიო ასაკის იმ პედაგოგებს, რომლებმაც უარი განაცხადეს ჯილდოს აღებაზე, კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდების გავლა მოუწევთ.

„იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, არ უნდათ სტატუსის ასამაღლებლად გამოცდები გაიარონ და სურვილი აქვთ დაასრულონ პედაგოგიური საქმიანობა, უფლება აქვთ განაცხადი გააკეთონ ჯილდოზე, რომელიც ორი წლის ჯამურ ხელფასს გულისხმობს. თუ განაცხადს გააკეთებენ მაისის ბოლომდე, უკვე სექტემბერშივე მიიღებენ ორი წლის ხლფასს. ხოლო უარის შემთხვევაში, ამ სტატუსის მქონე პედგოგი ვალდებულია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები ჩააბაროს, რომელიც ივლისში ჩატარდება. თუ ივლისში ვერ დაადასტურებს კომპეტენციას, სამინისტრო მას კიდევ ერთ განმეორებით გამოცდას სთავაზობს, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება. თუ ამჯერადაც ვერ გაიარა გამოცდა, დეკემბრამდე შეუძლია განაცხადოს თანხმობა პედაგოგიური საქმიანობის შეწყვეტაზე, ხოლო ჯილდოს 2019 წლის დეკემბრის ბოლომდე მიიღებს. პედგოგიური საქმიანობის გაგრძელების უფლება ასეთ მასწავლებელს, მხოლოდ სკოლის საჭირეობიდან გამომდინარე ექნება, ისიც ერთჯერადი ხელშეკრულების საფუძველზე. ჯილდოს აღება არ ეხებათ საპენსიო ასაკის იმ პედაგოგებს, რომლებსაც გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვთ“_ განაცხადა ფოთის რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ.

რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსი წამყვანი, მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის წევრებს შრომითი ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად