ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრა, ხმაურის ფონზე წარიმართა

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

მერიამ შეკრებილებს, პრობლემის მოგვარების მიზნით, ალტერნატიული გზის მშენებლობის პროექტი გააცნო, რომელიც წინასწარი ვარაუდით, ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს, მანამდე კი,როგორც მათ განაცხადეს, უსაფრთხოების ნორმები, მკაცრად გაკონტროლდება.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივებმა ორი დღის წინ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი, მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ქარხნების მუშაობა გააპროტესტეს. მათი მტკიცებით ამ მანქანებით, მავნე ნივთიერების ტრანსპორტირება, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ხდება, საწარმოებებიდან გამოფრქვეული მტვერი კი ჯანმრთელობას აზიანებს.

„მოსახლეობას გავაცანით ჩვენი პრიორიტეტები შემოვლით გზასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ამ გზის ფინანსების მოძიებაზე. მუშა ჯგუფს ველოდებით, რომელიც ძირფესვიანად შეისწავლის ამ მარშრუტს. თუ რაიმე ხელისშემშლელი პირობები არ წარმოიშვა ერთ წელიწადში დასრულდება, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში, არსებული გზების მოვლა პატრონობაა დაგეგმილი. ყველა ფირმა გაფრთხილებულია, რომ უზრუნველყონ ტვირთების უსაფრთხოდ გადაადგილება. საგზაო ნიშნები დაიდგა, რომელიც ტრანსპორტის სიჩქარეს ზღუდავს. ამის გარდა დამონტაჟდება კამერები და ჯარიმა იმდენიდ დიდი იქნება, რომ მძღოლები წესების დარღვევის გამეორებაზე ალბათ არ იფიქრებენ. ერთი სიტყვით, კომპლექსური ღონისძიებებია დაგეგმილი და დაწყებულიცაა უკვე. სხვა გზა არ გვაქვს, ნავსადგურსაც და ტვირთის მოძრაობასაც ვერ გავაჩერებთ“_ აღნიშნა არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თენგიზ შონიამ.

მერიის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები უარყოფითად გამოეხმაურნენ. მათი განაცხადებით, ახალი გზის აგება, სხვა პროექტების მსგავსად, სავარაუდოდ წლები გაგრძელდე. ამდენად, გამოსავალს, ისევ საპროტესტო აქციების გამართვაში ხედავენ.

„პასუხი ვერ მივიღეთ, ისევ გვეუბნებიან გვჭირდება ვადებიო. მხოლოდ ერთი ქუჩის მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს კონკრეტული ბიზნესმენის ბიუჯეტის გასასქელებლად. ვერ მივედით კონსესუსამდე და იძულებული ვართ ისევ პროტესტის ზომებს მივმართოთ“_ განაცხადა ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებელმა თეონა ქობალავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...