ფოთში მოკლული მამაკაცის დედა და და საკარანტინე სივრცის დატოვების უფლებას ითხოვენ

ფოთში, მოკლული ახალგაზრდის ოჯახის წევრები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, მოკლულის დედა და და საზღვარგარეთიდან გუშინ ჩამოვიდნენ და ამჟამად გონიოს საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან. მათ არ ეძლევათ საშუალება უკანასკნელ გზაზე გააცილონ წამებით მოკლული შვილი და ძმა.

ნათესავები ხელისუფლებისგან ითხოვენ გამოინახოს კანონიერი შესაძლებლობა, რათა მიეცეთ საშუალება, თუნდაც ბოლო დღეს დაიტირონ მიცვალებული.

„ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, დედას და დას დასტირონ მიცვალებულს. გუშინ ჩამოფრინდნენ ისრაელიდან. უთხრეს ექვსი საათის განმავლობაში მოხდებაო თქვენი შემოწმება, მაგრამ დღემდე კარანტინის სივრცეში ჩაკეტილები არიან. ერთი დღით გამოუშვან და ადგილზე დავიცვავთ იმ პირობებს, რაც აუცილებელია“, – განაცხადა ოჯახის ნათესავმა ნანი ტყებუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთში 2 ივლისს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს, ორი დღის წინ ზუგდიდში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს – ი.ქ.-ს და ო.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა,რომ 2020 წლის 2 ივლისს, ქ.ფოთში, ი.ქ., ო.კ. და სხვა პირები წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ ვ.ტ.-ს, რომელიც მამასთან და მეგობარ გ.ჟ-სთან ერთად პანაშვიდზე იმყოფებოდა
და სასტიკად გაუსწორდნენ, რა დროსაც ასევე ვ.ტ.-ს მამას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ხელკეტებით ცემის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ტ.-ს ქვედა კიდურები დაუზიანეს, ხოლო შემდეგ ი.ქ.-ს კუთვნილი „მერსედეს-ვენტოს“ მარკის ავტომანქანით გაიტაცეს. თავდამსხმელებმა იმავე დღეს ვ.ტ. მიიყვანეს ქ.ფოთის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე წინასწარი შეთანხმებით მივიდა ვ.ჯ.

ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ი.ქ.-მ და მისმა თანამზრახველებმა ვ.ტ.-ს მჭრელი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილი დაუსერეს და ბეისბოლის ჯოხებით ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ი.ქ.-მ, ო.კ.-მ და სხვა პირებმა ვ.ტ.-ს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით, ბეისბოლის ჯოხებით თავის არეში მიაყენეს დაზიანება.
სასტიკი მოპყრობის შედეგად ვ.ტ.-მ გონება დაკარგა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ტ. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ი.ქ. და ვ.ჯ. 2020 წლის 3 ივლისს, ხოლო ო.კ-ის 4 ივლისს დააკავეს.

გუშინ კი ნაბადაში განხორციელებული ოპერაციის შედეგად, პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც მეგობრის სახლში იმყოფებოდა. დაკავებისა და ჩხრეკის პროცედურა დაახლოებით 3 საათი მიმდინარეობდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მას ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

ახლობლები აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია თუ რატომ მოხდა გ.რ ს დაკავება და ისინი მომხდარ მკვლელობასთან მის კავშირს გამორიცხავენ.

საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და ამავე კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ მიმდინარეობს,
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად