ფოთში COVID-19- ის პრევენციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება

1 თვეზე მეტია საქართველო ახალი კორონა ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებაზე მუშაობს. 26 თებერვალს ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც მყისიერი რეაგირება მოყვა როგორც ქვეყნის, ისე ჩვენი ქალაქის ხელისუფლების მხრიდან.

ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისათვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.
2 მარტიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში. სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდა საქალაქო ტრანსპორტში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციულ შენობებში, სავაჭრო ობიექტებში. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში. სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს.
ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის სასადილო გადავიდა შინ მიტანის სერვისზე. სასადილოს 300 ბენეფიციართან ერთად, მოხალისეებს საკვები პროდუქტი ბინაზე მიაქვთ სოციალურად დაუცველებთან, მრავალშვილიან ოჯახებთან, თვითიზოლაციაში მყოფ და რისკ ჯგუფის მოქალაქეებთან. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტი სასურსათო ამანათის სახით დაარიგა აღსაზრდელთა ოჯახებზე.
მოხალისეები მონაწილეობენ ვირუსის შესახებ საინფორმაციო კამპანიაში, ბანკების ფილიალებთან და ბანკომატებთან, აგრეთვე სასურსათო მაღაზიებთან მოქალაქეთა რიგების მოწესრიგებაში. მოსახლეობას ურიგდება რეკომენდაციები, დღის საათებში მოხალისეები ავტომანქანებიდან აფრთხილებენ მოქალაქეებს დაემორჩილონ საგანგებო რეჟიმის რეგულაციებს და დარჩნენ სახლში.
ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილეები ჩართული არიან ყოველდღიურად აგრარული ბაზარსა და სასურსათო მაღაზიებში, რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგში.
31 მარტიდან ქალაქ ფოთში ორივე შემოსასვლელში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები. სამხედრო სამედიცინო პერსონალი აწარმოებს მოქალაქეების თერმოსკრინინგს. სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება სატრანსპორტო საშუალებები. ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო დახმარების მანქანაც.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში,დავიცვათ რეკომენდაციები,გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი.
ჩვენს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაკავშირება.
ცხელი ხაზი: 591417520.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად