ფოთში, ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტეს

ფოთში, გვიან ღამით, ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილობრივებმა, მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ცემენტის ქარხნის მუშაობა გააპროტესტეს.

მათი მტკიცებით, სატვირთო მანქანებით სხვადასხვა მავნე ნივთიერების ტრანსპორტირება ხდება, ხოლო ქარხნიდან გაფქრვეული მტვერი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. როგორც ისინი აცხადებენ, ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს დახმარებისთვის, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.

“აქ შეკრებილები ვაპროტესტებთ ცემენტის ქარხნის მუშაობას, საიდანაც მტვერი იფრქვევა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და ასევე მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილებას, რომლებიც მავნე ნივთიერების ტრანსპორტირებას ახორციელებენ.არ გვინდა, რომ ამ მანქანებმა ჩვენს ქუჩაზე იმოძრაონ. გავესაუბრეთ ქალაქის მერს და დაგვპირდა, რომ ალტერნატიულ გზას გამონახავენ. თუმცა რამდენ წელიწადში გამონახავს ის ამ გზას, ველოდებით პასუხს. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ეს ქუჩა კვლავ გადაიკეტება“,- განაცხადა აქციის მონაწილე ანა ქავთარაძემ.

შეკრებილებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ:

“მძიმეწონიანი მანქანების მიერ მავნე ნივთიერებების ტრანსპორტირებას ვერ დავადასტურებთ, რადგან ამაზე მუშაობს სპეციალური უწყებები, რომლებიც, რეგულარულად ამოწმებენ იმ საწარმოებს, საიდანაც აღნიშნული ტვირთების გადატანა მიმდინარეობს. მათგან მიღებული ინფორმაციით, კანონდარღვევით არ ხდება მსგავსი ნივთიერებების ტრანსპორტირება. რაც შეეხება ცემენტის ქარხანას, ის არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საწარმო. იქაც დაცულია ყველა ნორმა. ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპენტეცია და მასაც შესაბამისი სამსახური ამოწმებს.ჩვენ გვესმის მოსახლეობის და ყველა ღონეს ვხმარობთ იმისათვის, რომ დროულად იქნეს აღმოფხვრილი არსებული პრობლემები. ამაში აქტიურად არის ჩართული როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე გუბერნია. დარწმუნებული ვარ, ერთობლივად შევძლებთ აღნიშნული საკითხის მოგვარებას. მიმდინარეობს მოლაპარაკება ალტერნატიული გზის მშენებლობაზე, მუშავდება სხვადასხვა პროექტი და იმედს ვიტოვებ, რომ შედეგს მივაღწევთ,“- განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

მოსახლეობა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციების პერმანენტულად გამართვით იმუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად