ფოთში 43 წლის კაცის სასტიკად ცემის თვითმხილველი: ხელჯოხებს ისე იქნევდნენ, მეგონა გველი ნახეს და მას ურტყამდნენ

ფოთში, სასტიკად ცემის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის მამა, ჟურნალისტებთან დეტალებს იხსენებს. როგორც ის ყვება, უცნობებმა შვილი მის თვალწინ გაიტაცეს. ის დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

“სატირლიდან რომ გამოვედით, სპეცნაზი მეგონა ისე შემოვარდნენ, თეთრი, “მარშუტკის” მსგავსი მანქანით იყვნენ.მე მანქანის კარი ჩამიკეტეს, ვერ გადმოვედი, ჩემი შვილი ჩასვეს და გაუჩინარდნენ. პოლიციისთვის არ მიმიმართავს, ვეძებდი ყველგან, მერე პოლიცია თვითონ მოვიდა ჩემთან. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ვერ გეტყვით ქონდა თუ არა კავშირი ქურდულ გარჩევებთან. სახლში არავინ მოყავდა საეჭვო”, – ამბობს გარდაცვლილის მამა.

თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდას დაახლოებით 5 მამაკაცი ხელკეტებს ურტყამდა.

„ხმაური შემომესმა, რომ გავიხედე დაახლოებით ხუთი ბიჭი ხელკეტებს ურტყამდნენ რაღაცას მიწაზე, ვიფიქრე, ალბათ გველი ნახეს და იმას ურტყამენთქო. მერე დავინახე რომ კაცი ეგდო ძირს და ხმას არ იღებდა. ვიყვირე ახლავე პოლიციას დავურეკავმეთქი. ახლოს რომ მივედით ხმას არ იღებდა, მეგონა მკვდარი იყო, მაგრამ წყალი რომ შევასხით ხმა ამოიღო, სასწრაფოს დაუძახეთ მიშველეთო. ვინ გირტყამდა მითხარიმეთქი რომ ვუთხარი, არ ვიცნობ მათო თქვა. მერე სასწრაფოც მოვიდა და წაიყვანეს“, _ განაცხადა თვითმხილველმა ზაირა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, გუშინ 43 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ის მსხვერპლი გახდა ე.წ კრიმინალური გარჩევის. დაპირისპირება, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობდა სხვა ტერიტორიაზე დაიწყო და ნაბადას ბოლოში გაგრძელდა. სასტიკად ნაცემი მამაკაცი ადგილობრივებმა იპოვეს . სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაუწყო, რაც გამზრახ მკვლელობას გულუსხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად