ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრი ხვალ საპრემიერო ჩვენებას გამართავს

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადება.

ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, დასი ხვალ მაყურებლის წინაშე ერთმოქმედებიან თოჯინურ სპექტაკლს „ფიროსმანს“ წარადგენს, რომელიც მოზარდ და უფროსი თაობის მაყურებელზე არის გათვლილი.

ფოთის თეატრის შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, სპექტაკლი სხვა სივრცეში, კოლხური კულტურის მუზეუმში გაიმართება.

პიესის ავტორის, ელენე მაცხონაშვილის განცხადებით, წარმოდგენაში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფოთის თეატრის მიერ დაფინანსებული, მიზნობრივი ჯგუფის კურსდამთავრებულები მონაწილეობენ.

პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. “ერთმოქმედებიანი თოჯინური სპექტაკლი ,,ფიროსმანი“ გააცოცხლებს დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ტრაგიკული ცხოვრების ისტორიას, რომელმაც სიცოცხლე სარდაფში დაასრულა. სპექტალი ეძღვნება ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს.

მიუხედავად იმისა, რომ თეატრი სამწუხაროდ, საკუთარ შენობაში ვერ ახერხებს პრემიერის გამართვას, არ წყვეტს შემოქმედებით მუშაობას. სპექტაკლიც ამ ნიშნით შეირჩა. ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე შეიძლება მისი თამაში“,- აღნიშნავს ელენე მაცხონაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად