ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უმოქმედობაში ადანაშაულებს (ვიდეო)

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი, თეატრის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უმოქმედობაში ადანაშაულებს. როგორც ის აცხადებს, სარემონტო სამუშაოები 5 თვეა მიმდინარეობს და სახურავიდან წყალი ისევ ჩამოდის. იოსელიანი შესაბამის სამსახურებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„5 თვე მიდის რემონტი და წყალი ისევ ჩამოდის, ყველგან ნაგავი ყრია. მაყურებლის თითოეული სკამი ღირს 500 დოლარი, სამი თვეა ვეხვეწები მუშებს და მშენელებს, რომ ეს აიღეთ, რომ არ დაზიანდეს, არანაირი რეაგირება. ვის უნდა მივმართო აღარ ვიცი, ესენი არიან უსინდისო მშენებლები და უსინდისო ხალხი, ნამუსგარეცხილი ადამიანები. გიბსოკარდონები ნესტში და წვიმაში ყრია პირდაპირ, მერე ალბათ კედელზე გააკრავენ. ამას ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს? გახარია გააკეთებს? ისევ ჩვენ ხომ უდა გავაკეთოთ და რატომ იპარავ, რატომ არ ხარ პროფესიონალი?!“,- აცხადებს რამაზ იოსელიანი.

სამშენებლო კომპანია „იმედის“ წარმომადგენელმა „აიპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან სარემონტო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

„მესმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის იმიტომ, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სახლში რემონტი აქვს, უნდა დროზე დამთავრდეს, მაგრამ ხარისხი და დრო ერთმანეთთან პროპორციულები არ არიან, ამიტომ სამუშაოებს ვაწარმოებთ გეგმა გრაფიკის მიხედვით. ყოველ დღე მაკონტროლებენ მერიის ზედამხედველობის სამსახური, ასევე ექსპერტიზის სამსახური. ჯარიმაც საკმაოდ სოლიდურია, სახელშეკრულებო ღირებულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ია. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, მესმის სამხატვრო ხელმძღვანელის ტკივილი, ეჩქარება, მაგრამ, რომ ვიჩქარო ხარისხი დაირღვევა. მერია კი ამის საშუალებას არ მომცემს. კედლები ჩვენ არ აგვიშენებია, როგორცაა ისე გაილესება და მიეცემა ნორმალურ სახე. სახურავი უკვე ორ თვეზე მეტია მოწესრიგებულია და აქ წყალი არ ჩამოდის. რაც შეეხება მაყურებლის სავარძლებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხარჯთაღრიცხვაში არ იყო გათვალისწინებული, ჩვენი სახსრებით შევფუთეთ.

თავიდან იყო ნაჭრით შეფუთული, მაგრამ შემდეგ ქალაქის ხელმძღვანელობის დავალებით, ორმაგად მოხდა შეფუთვა, ხალიჩებიც დაცულია და დაზიანება გამორიცხულია. ფაქტიურად ადმინისტრაციული მხარე დამთავრებულია, ერთადერთი არის ფოიე დარჩენილი, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს და დარბაზშიც ნახევარი საქმე უკვე გაკეეთებულია. ვფიქრობ, მიმდინარე სამუშოებს საახალწლოდ დავასრულებთ“,- აღნიშნა სამშენებლო კომპანია „იმედის“ წარმომადგენელმა პავლე მალაკელიძემ.

შეგახსენებთ, ახალაშენებულ თეატრში, რომელზეც დაახლოებით 12 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2 წლის წინ ჭერის დიდი ნაწილი ჩამოინგრა.ექსპერტიზის დასკნის მიხედვით, შენობაში მუშაობა საფრთხის შემცვლელია. დასი დროებით, ფოლკლორის ცენტრის შენობაში გადავიდა. ხელშეკრულების მიხედვით, თეატრის რეაბილიტაცია 2020 წლის 16 იანვრამდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 790 ათასამდე ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად