ფოთის საფეხბურთო გუნდი ”კოლხეთი 1913” მძიმე ფინანსური პრობლემების გამო, შესაძლოა დაიშალოს

ფოთის საფეხბურთო გუნდი „კოლხეთი 1913″ მძიმე ფინანსური პრობლემების გამო, შესაძლოა დაიშალოს. კლუბ „კოლხეთი 1913“-ის დირექტორის ზაზა ინაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის სპონსორულ ანგარიშზე მხოლოდ 9 ათასი ლარია დარიცხული, ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება კი 45 ათას ლარს შეადგენს.

“ამ წუთისთვის გუნდი ისევ რჩება პრობლემების წინაშე. გუნდს ჰყავს 18 მომჩივანი ფეხბურთელი და ერთი მწვრთნელი, სოლიდურია მათი საჯარიმო თანხები. თუ არ გამოინახა უახლოეს პერიოდში ფინანსები, ცუდი პროგნოზია, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ გუნდი გამოეთიშოს ჩემპიონატს. ამ დროისთვის სპონსორული თანხა გუნდის ანგარიშზე არის 9 ათასი ლარი, ეს თანხა კი ორი კვირაა გროვდება, რაც სამწუხაროდ ძალიან ცოტაა და არანაირ დავალიანებას არ ყოფნის. გარდა ამისა, გუნდში არის უამრავი პრობლემა. რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა. შევსებას ვერ ვღებულობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ იცის გუნდში კრიზისია. თუ გუნდმა 15 აგვისტომდე 5 ფეხბურთელის დავალიანება 41 ათასი ლარი არ დაფარა, ფედერაცის წერილში წერია, რომ გუნდი იხსნება გათამაშებიდან. ჯერჯერობით რესურსი ამ თანხის გადახდისა არ ჩანს. ვერ გეტყვით ხვალ და ზეგ რა იქნება , მობილიზება როგორ გამოცხადდდება, გულთან მიიტანენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები ამ პრობლემას და დაეხმარებიან თუ არა ,,კოლხეთს,“ ეს მათი გადასაწყვეტია,“- აღნიშნა ზაზა ინაშვილმა.
ფოთის მერი გოჩა კურდღელია აცხადებს, რომ აღმასრულებელი რგოლი ყველანაირად ცდილობს, გუნდში არსებული პრობლემები დროულად მოგვარდეს.
„მერიის შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო სწავლობს აღნიშნული დავალიანების წარმოშობის მიზეზებს და მათ კანონთან შესაბამისობას. პარალელურ რეჟიმში, გუნდის ხელმღვანელობასთან და გულშემატკივრებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სპონსორების მოძიება, აღნიშნული დავალიანების დასაფარად თანხების მოძიების მიზნით. დამატებით მუშავდება სტრატეგია გუნდის გრძელვადიანი განვითარების შესახებ. ვეძებთ არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ მიღებული იქნება გუნდის განვითარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება“,- განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...