ფოთის მოსახლეობა ხელისუფლებისგან ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ითხოვს

ფოთის მოსახლეობა ადგილობრივ თვითმართველობას ელექტრონული პეტიციით მიმართავს და პრობლემურ უბნებში, ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის სადგურების მონტაჟს ითხოვს. პეტიციის ინიციატორია სამოქალაქო პლატფორმა „ფოთელები – საკუთარი უფლებებისათვის.“

„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და ამით გამოწვეულ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას მოსახლეობა უკვე მრავალი წელია აპროტესტებს, თუმცა უშედეგოდ.
ამ ეტაპისთვის, უკვე შეგროვილია საჭირო 412 ხელმოწერაზე მეტი, თუმცა ხელმოწერები გრძელდება.

http://petition.lsg.ge/poti/petitions/view/7
ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები ფოთში ყოველწლიურად გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ ხორციელდება, თუმცა ჰაერის ხარისხი არ მოწმდება ზუსტად იმ პრობლემურ ტერიტორიაზე, სადაც სწორედ ალუმინის ოქსიდის, გოგირდის, ცემენტის მტვერისა და სხვა საშიში ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევა ხდება, რომლის არეალში მოსახლეობა ცხოვრობს, ამიტომაც რეალური მონაცემებისთვის საჭიროდ ჩავთვალეთ ავტომატური სადგურებით მუდმივი მონიტორინგი სწორედ დაბინძურებულ უბნებში – ნავსადგურისა და მძიმე სამრეწველო ქარხნების მიმდებარედ“, – განაცხადა პეტიციის ავტორმა ელისო ჯანაშიამ.
სამოქალაქო პლატფორმის წევრებმა, ასევე მიმართეს გარემოს დაცვის სამინისტროს და პეტიციის განხილვამდე მობილური სადგურის მინიმუმ ერთი თვით ჩამოყვანა და პრობლემურ უბანზე განთავსება მოითხოვეს.
„მხოლოდ ზუსტი მონაცემის ცოდნის შემდეგ შევძლებთ ხელისუფლებას სამართლებრივი გზით მოვთხოვოთ ამ პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარება. სწორედ ამის ცოდნა ეწინააღმდეგება ზოგიერთის, მათ შორის – ქალაქის მერის ბიზნესინტერესებს, რომელიც თავადაა დამაბინძურებელი ქარხნების მეწილე. ამიტომ ვვარაუდობ, რომ დიდ წინააღმდეგობას წავაწყდებით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც ფოთის მუნიციპალიტეტს საკუთარი სახსრებით შეუძლია, მაგრამ თუკი ეს შეუძლებელი აღმოჩნდება, ფოთის საკრებულოა სწორედ ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საკუთარი ამომრჩევლისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად და მიმართოს მოთხოვნით საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი დაფინანსება და განახორციელოს აღნიშნული, როგორც დელეგირებული უფლებამოსილება. თუკი ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოსაც“,- აცხადებს პეტიციის ავტორი ელისო ჯანაშია.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრის“ მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად