A1 ბანერი

ფოთის მერიის საფინანსო სამსახური: საგამოძიებო სამსახურმა მალთაყვის სანაპიროზე, ბულვარის მშენებლობის დოკუმენტაცია ამოიღო

ფოთის მერიაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებენ.

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილ თოდუას განცხადებით, აღნიშნული უწყება, 2015-2017 წლებში მალთაყვის სანაპიროზე ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაციით დაინტერესდა.

“გუშინ შემოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მალთაყვის სანაპიროზე, ბულვარის მშენებლობის დოკუმენტაციის ამოღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ როგორც კანონი ითხოვს, შევასრულეთ ეს დავალება და წარვუდგინეთ მათ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებული იყო ამ მშენებლობასთან. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჯეროვნად ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ჩვენ ვალდებული ვიყავით კანონის შესაბამისად გაგვეწყვიტა მათთან ხელშეკრულება”- განაცხადა ვასილ თოდუამ.

ოპოზიციის მტკიცებით, ფოთის მერიაში, სახელმწიფო აუდიტის დასკნის შემდეგ, საფინანსო სამინისტროს შესვლა მოსალოდნელი იყო.

„ფოთში მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ობიექტებია წამოწყებული და არცერთი რომ არ არის დამთავრებული ეს ფაქტია, მაგრამ მალთაყვის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით ძალიან დიდი დარღვევებია. დაიხარჯა 4 მილიონი და ალბათ ერთი მილიონის არაა გაკეთებულია. ყველაფერი უხარისხოა, ელემენტარულად უჟანგავი ბოძების გაკეთება მაინც ხო შეიძლებოდა?! აუდიტმა საშინელი, კატასტროფული დასკვნა დადო და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი რომ შემოვიდოდა ეს არ არის გასაკვირი. ხალხის ფულით შევსებულ ბიუჯეტს რომ ასე გაფლანგავ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაინც უნდა აიღო საკუთარ თავზე“_ აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომაარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...