ფოთი “კეფალის ფესტივალისთვის” ემზადება

ფოთი „კეფალის ფესტივალისთვის“ ემზადება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს იქნება აქტიური დასვენების დღე, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს. გასართობ-შემეცნებითი აქტივობები დილიდან, ერთდროულად სამ ლოკაციაზე: ცენტრალურ პარკში, „ოქროს ტბაზე“ და მალთაყვას სანაპიროზე გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს 3 ფოტოკონკურსი: „ჩემი შუქურა“, „მე და ჩემი ოჯახი“ და „ჩემი ბაღი სახლის წინ_ მე ვცხოვრობ სილამაზეში, შენ?“. სურათები ფესტივალის „ფეისბუქგვერდზეა“ ატვირთული და გამარჯვებულ ავტორებს, ფესტივალის დღეს სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

„ ფესტივალს აქვს ორი მიზანი, ღია ცის ქვეშ ოჯახური დასვენების კულტურის ამაღლება და ტურისტებისთვის სასიამოვნო გარემოში ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. ასევე, ფესტივალი მრავალ ღონისძიებას აერთიანებს: შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში, მარათონი, პლაჟის თამაშები, მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება, საზეიმო კონცერტი და სხვა აქტივობები. ფესტივალის მთავარი ღონისძიება იქნება, საქართველოში ერთადერთი საქალაქო მასშტაბის საერთაშორისო ქვესტი (თამაში) სახელწოდებით არგო ქვესტი / ARGO QUEST. ქვესტის იდეა შემდეგში მდგომარეობს: ლეგენდის მიხედვით, იასონმა და მისმა არგონავტებმა ოქროს საწმისის გარდა, კოლხეთში სხვა განძიც გაიტაცეს და ის ფოთის ცენტრალურ პარკში, სპეციალურ „შემნახველ კამერაში“ საგანგებოდ გადამალეს. მონაწილე გუნდები სხვადასხვა დავალებას ასრულებენ და ერთმანეთს, რაც შეიძლება მეტი არტეფაქტის აღმოჩენაში ეჯიბრებიან. მათი მიზანია – დაუბრუნონ ფოთს დაკარგული ოქროს საწმისი. ქვესტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. თამაში არის სათავგადასავლო-შემეცნებითი და საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის. ამ სახის ქვესტი უკვე ტრადიციული გახდა, რადგან პირველად ფოთში 2017 წელს ჩატარდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კერძოდ, პროექტი ნომინირებული იყო 2017 Tourism National Award-ზე ნომინაციაში Best Event“_ განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა ნანა ტაბიძემ.

კეფალის ფესტივალი, რომელიც ფოთში მესამედ ტარდება, წელს 11 აგვისტოსაა დაგეგმილი. აღნიშნული პოექტი კერძო ინიციატივაა. ის ტურისტული კომპანია „ლინატას“ ორგანიზებით და საქართველოს ნაციონალური ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად