ფოფხაძე: რა უნდოდა შოთაძეს ბიზნესმენების შეხვედრაზე? ხაზარაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს!

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია “სამართლიანობისთვის” ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს, სადაც მან ბიძინა ივანიშვილის სახლში მისი, ვანო ჩხარტიშვილისა და ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მონაწილეობით ბიზნესმენების შეხვედრაზე ისაუბრა.

ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

_ გუშინ ისაუბრა მამუკა ხაზარაძემ იმაზე, როგორ მოხდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის სახლში გენპროკურორისა და ბიზნესმენების მონაწილეობით, როგორ გამოატანინეს ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი და. ა. შ. ბევრი ისეთი დეტალი თქვა მან გადაცემა „რეაქციისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რაც პრინციპში აქამდე ცნობილი არ იყო. არის თუ არა ეს საფუძველი გამოძიების დასაწყებად და ფიგურანტი პირების დასაკითხად?

_ რა თქმა უნდა. რასაც მეკითხებით ბანალურად რომ შევხედოთ მაშინაც ცხადია, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს და ამას არ უნდა იურისტი. ის, რაც მამუკა ხაზარაძე მოყვა თუ რა მოხდა ბიძინა ივანიშვილის სახლში, ამაზე უკვე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. ან ირაკლი შოთაძეს რა უნდოდა იმ შეხვედრაზე, ან ფიფიას რა უნდოდა?! ამას ვერ ვხვდები.

ისეთ რაღაცას მოყვა ხაზარაძე, რა თქმა უნდა, ეს შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და ყველა უნდა დაიკითხოს. ფიფიას ყოფნა შეხვედრაზე ან უნდა დადასტურდეს, ან უარყოფილი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში მოწმის სტატუსით ყველა უნდა დაიკითხოს. თავისთავად დანაშაული ცალსახაა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაც არის როდესაც საუბარია იმაზე, რომ შოთაძე იმყოფებოდა იქ.

ზუსტ კვალიფიკაციაზე საუბარი გამიჭირდება, იმიტომ რომ არ ვიცი დეტალები, მაგრამ ჩემი აზრით უნდა დაიკითხოს ყველა დასახელებული პირი და მერე ჩამოყალიბდნენ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ყველა შემთხვევაში რაც იქ ხდებოდა აბსურდია და არანაირ სამართლებრივ ჭრილში არ ზის.

_ მთლად ბიზნესის ჭრილშიც არ ზის. იმიტომ, რომ როგორც გაირკვა იმ შეხვედრაზე იმყოფებოდა მაშინდელი მთავარი პროკურორი.

_ რა თქმა უნდა, ეს თავისთავად აბსურდია ეს. როგორ შეიძლება საქმის ასეთ გარჩევაზე, როდესაც ვიღაცა ვიღაცას ფულს სთხოვს და იმ შეხვედრაზე ზის მთავარი პროკურორი და გაუგებარია რა სტატუსით იჯდა იქ.

შეგახსენებთ, მამუკა ხახარაძე ინტერვიუში იმ შეხვედრის დეტალები გაიხსენა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლში მისი და ვანო ჩხარტიშვილის მონაწილეობით შედგა. ბიზნესმენი იმ დეტალებსაც ყვება, როგორ გამოატანინეს მას საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად