ფოფხაძე ოხანაშვილს: იმ კონტექსტში შეფასება, რომ ვიღაცამ ვიღაცას დაარტყა, არასწორია

“ძალიან მძიმე სანახავი იყო ყველაფერი, რაც აქ მოხდა. ეს არის პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა და შესაბამისად, ადამიანი, რომელიც არის პარლამენტის წევრის მანდატის მატარებელი, თავს ესხმის ადამიანს და იქცევა, ისე, რაც ყველამ ნახა, ეს არის პარლამენტის დარღვევა დ ალოგიკურია, რომ ამ ყველაფერ ექნება რეაგირება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ განახლდა.

ანრი ოხანაშვილს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა და კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ ოხანაშვილი შეფასების გაკეთებისას მოვლენებს უსწრებს.

„არ უნდა გაუსწროთ მოვლენებს და არ უნდა მისცეთ მომხდარს შეფასება, თორემ მეც მომიწევს შეფასება. იმ კონტექსტში შეფასება, რომ ვიღაცამ ვიღაცას დაარტყა, არ არის სწორი. ის, რაც აქ მოხდა, არის იმ პროცესის ნაწილი, რაც მთელი დღე აქ მიდიოდა. ამიტომ თუ თქვენ ამ კონტექსტში გინდათ ეს ყველაფერი გადაიტანოთ, ამას დუმილით ვერ შევხვდები. თქვენი შეფასება ნაადრევია და არაობიექტური“, – უთხრა გედევან ფოფხაძემ ანრი ოხანაშვილს.

შეგახსენებთ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

პარლამენტის წევრების მხრიდან მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს, თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახში მას ხელი ჩაარტყა.

დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა ბესელიას შესახებ მაშინ, როცა გედევან ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას უსვამდა.

ბესელიამ ზარდიაშვილს „ნაძირალა“ და „ადეიშვილის ხელის ბიჭი“ ეძახა. დავით მათიკაშვილმა მანდატურის სამსახურს მოუწოდა, ეკა ბესელია დარბაზიდან გაეყვანათ და სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად