ფოფხაძე მიქაუტაძეს: სააკაშვილის რეჟიმის დროის მოსამართლე იყავით, რა მორალური უფლება გაქვთ საერთოდ მოსამართლე იყოთ?!

ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს, რომელსაც დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შეკითხვებს უსვამენ.

“მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი შეღავათი იყო თქვენთვის, რომ დარჩით მოსამართლედ, მითუმეტეს, ხართ უვადო მოსამართლე, ამის მერე კიდევ უზენაეს სასამართლოში გამწესება იქნება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც 9 წლის მანძილზე ითმენდა იმ რეჟიმს, რომელზეც თქვენ არც გინდათ, საჯაროდ თქვათ, რომ იყო ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ გინდათ იყოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ე.ი. ამ ხელისუფლების მერეც დარჩებით, მერე შეიძლება კალიგულა მოვიდეს და იმის პირობებშიც იყოთ მოსამართლე”.

გედევან ფოფხაძე: ჩვენ გვაინტერესებს, რა აზრის ხართ, რატომ უნდა იყოთ იმის მოსამართლე, რაც იყავით სააკაშვილის რეჟიმის დროის მოსამართლე, რა მორალური უფლება გაქვთ?

გიორგი მიქაუტაძე: სააკაშვილის რეჟიმს რას უწოდებთ? მე 2012 წლის იანვრიდან ვარ მოსამართლე.

გედევან ფოფხაძე: მანამდე პროკურატურაში იყავით…

გიორგი მიქაუტაძე: დიახ, პროკურორი ვიყავი.

გედევან ფოფხაძე: უარესი! ე.ი. იყავით სააკაშვილის რეჟიმის პროკურორი, მოსამართლე და ახლა ხართ იმ კლანის სახე, რომელიც ცდილობს ქვეყანას წაართვას მართლმსაჯულება და აქციოს შპს ქართულ სასამართლოდ და რა მორალური უფლება გაქვთ არათუ უზენაეს სასამართლოში, საერთოდ მოსამართლე იყოთ. რატომ გაქვთ ამაზე პრეტენზია?

გიორგი მიქაუტაძე: ეს თქვენი შეფასებებია. მე თქვენს შეფასებებს და მოსაზრებებს ვერ შევაფასებ. ამიტომ პასუხი ვერ მექნება. იქნებ, კონკრეტული შეკითხვები დამისვათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად