ფოფხაძე: მე-18 საუკუნის საფრანგეთში რომ ვიყოთ, კვაჭანტირაძეს გილიოტინა დაელოდებოდა

ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების თაობაზე მსჯელობენ.

“ერთადერთი ის მიხარია, რომ მე-18 საუკუნის დასასრულის საფრანგეთში არ ვართ, თორემ ზვიად კვაჭანტირაძეს ამ შემთხვევაში გილიოტინა დაელოდებოდა პარლამენტის წინ და უღრმესი მადლობა ჩვენს კოლეგებს, რომ ისეთი ინიციატივით შემოვიდნენ…

გაიხსენეთ ის ისტორია, ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბრძოლის სათავეებთან და ქმნიდნენ, მართლა ქმნიდნენ საფრანგეთის რევოლუციას.

დღეს ჩვენ იმას ვისმენთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძე თურმე ყოფილა კომიტეტის ცუდი თავმჯდომარე, ალბათ უმრავლესობის ცუდი ლიდერი იყო წინა მოწვევის პარლამენტში, მაგრამ ეს ყველაფერი აშკარა და ნათელი გახდა იმის შემდეგ, როდესაც ზვიად კვაჭანტირაძემ თქვა, არ მინდა ამ ყველაფერთან ერთად იყოს, რაც დღეს ხდება ქვეყანაში და რის გამოც, დარწმუნებული ვარ, მან დიდი სოლიდარობა დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან.

მინდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რა ზღვარი გაჩნდება, რა ხრამი გაჩნდება არამარტო ჩვენსა და თქვენს შორის, ამ გადაწყვეტილებით და მიჭერილი თითით, არამედ თქვენსა და საზოგადოებას შორის. იმიტომ, რომ საზოგადოება ჩვენგან ელოდება პრინციპულობას, ვაჟკაცურ, ღირსეულ საქციელს ელოდება და თუ “ქართული ოცნება” აგრესიულ უმრავლესობად ჩამოყალიბება, რომელიც ებრძვის ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო, აღარ იქნება მორალური უპირატესობა “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის და სალაპარაკოც არ იქნება ეს თემა.

“ქართული ოცნება” ყოველდღიურად კარგავს მორალურ უპირატესობას. ამაზე იფიქროს დღეს ყველამ, ვინც აპირებს, თითი მიაჭიროს თავისი კოლეგის ასეთ დამოკიდებულებაზე.

შეიცვლება ისტორია და ჩვენ სხვა რეალობის წინაშე დავდგებით და იფიქრეთ მომავალზე, საკუთარ თავზე იფიქრეთ, იფიქრეთ მომავალზე, რა მომავალს უმზადებთ “ქართულ ოცნებას” აი ამ სტანდარტის დამკვიდრებით, და თქვენ თავს, იმიტომ რომ ეს სია ამოიბეჭდება და დარჩება ყველასთვის მეხსიერებაში. ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც თქვენ მოგიწევთ მერე იცხოვროთ, გქონდეთ ურთიერთობები თქვენს კოლეგებთან. ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის მორალური და ზნეობრივი გადაწყვეტილება და ასეთ გადაწყვეტილებას ძალიან მძიმე ფასი ექნება ყველასთვის”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად