ფოლკლორის ცენტრში მაყურებლის წინაშე ლელა თათარაიძე და ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი წარდგება

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში 2 სექტემბერს გაიმართება კონცერტი – ქართული მრავალხმიანობა საქართველოს სტუმრებს. მაყურებელის წინაშე წარდგება ლელა თათარაიძე და ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი რაჭიდან.

ლელა თათარაიძე – თუშური სიმღერის უზადო შემსრულებელი, მეგარმონე, მეფანდურე, არაერთი ჯილდოს მფლობელი, მრავალი სიმღერისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორი, საფრანგეთის ქალაქ დომ-რემის საპატიო მოქალაქე, კვარტეტ კესანეს ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს: სოლო გრამფირფიტა ვერცხლის თასამდაც მაქცია; ლაზერული დისკები – დილის ჯანღი და სამციხის ღამე.


ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი რაჭული სასიმღერო და საკრავიერი მუსიკის ტრადიციების გამგრძელებელია. სოფელ საკაოში ბაბუების დროიდან ბერელიძეების ოჯახში ასეთი წესი იყო: ოჯახის ყველა წევრს უნდა ემღერა, ეცეკვა და დაეკრა. ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი: მამა – გივი, დედა – მაყვალა თაგვაძე, ძმები – ლევანი და ლადო, რძალი – ეკა მურადაშვილი და შვილები ელენე, ბარბარე, მართა, ანიტა. ურავენ: გარმონზე, ფანდურზე, გუდასტვილზე, დაირაზე. ცეკვავენ რაჭულ ტრადიციულ ცეკვებს.

ლევან ბერელიძე თავად ამზადებს გუდასტვირს. აგრძელებს რაჭველი მესტვირეების დიდებულ ტრადიციას, ხელმძღვანელობს ანსამბლებს – ბარაკონსა და ნიკორწმინდას, გალობს რაჭის სხვადასხვა სოფლის ეკლესიაში. რეგენტობს ნიკორწმინდის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს, ამბროლაურის სალოტბარო სკოლის ბავშვებს ასწავლის ქართულ გალობას.

,,ჩვენ ოჯახში სიმღერა ძველთაგანვე ტრადიცია იყო. ჩემი დიდი ბაბუა ვლადიმერ ბერელიძე კარგი მომღერალი სოფლის კოლორიტი და ხის ხელოსანი იყო. დადიოდა კახეთში ქართლში სამუშაოდ და რაჭულის გარდა ქართ-კახურ სიმღერებსაც კარგად ფლობდა. ასევე, კარგად მღეროდა ჩემი მეორე ბაბუა – დავლოსტი. დაოჯახდა შურა გუგეშაშვილზე. ისიც მომღერალი იყო, უკრავდა ფანდურზე. შურა ბებიამ ასწავლა შვილებს სიმღერები. მამაჩემი საკაოს გუნდის წევრი და ერთ-ერთი სოლისტი იყო. დედა კარგად უკრავს გარმონზე. მოკლედ გასაკვირი არაა რომ ვმღერით” – ამბობს ლევანი.

ორშაბათობის კონცერტზე შესრულდება: თუშური სიმღერები და დასაკრავები; რაჭული ხალხური სიმღერები, ცეკვები და მესტვირული პოეზია.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გამოიფინება: ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ფოტოკოლექცია – ეს ჩემი საქართველოა;  წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა ნამუშევრები: XIX საუკუნის ქართული ეროვნული სამოსი – ქალისა და მამაკაცის თავადური კოსტიუმები. ხევსურული, აჭარული, თუშური ტრადიციული სამოსი და მათი გათანამედროვებული ვარიანტები, ქარგულობა, თექა და მინანქარი.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი თბილისურ ანსამბლებთან ერთად, კამპანიაში გაატარე ზაფხული საქართველოში, კონცერტებს ტურისტებისთვის (და არამხოლოდ მათთვის) 15 ივლისიდან 30 სექტემბრამდე ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის ბაღში გამართავს.

მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, მეფე თამარის სახელობის სკოლა – პანსიონი და რესტორანი ეკო გარდენი

დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...