ფოლკლორის ცენტრის ეზოში საკრავების კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

9 ოქტომბერს 19:00 საათზე ფოლკლორის ცენტრის ეზოში ახალი გამოცემის – „საკრავების კატალოგის“ პრეზენტაცია გაიმართება.

ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმისა და ფონდ „ქართული გალობის“ ახალი ორენოვანი გამოცემა საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების მიხედვით, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა.

მსგავსი ტიპის გამოცემა საქართველოში პირველია.
წიგნი შედგება ფოტოალბომისა და კატალოგისაგან. მასში წარმოდგენილია ქართული, აღმოსავლური და ევროპული, მათ შორის, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საკრავები. ფოტოალბომში შესული 153 საკრავის 370-ზე მეტი ფოტო სრულყოფილად ასახავს მუზეუმში დაცული ყველა სახეობის, ჯგუფისა და ქვეჯგუფის საკრავს. ანოტირებულ ორენოვან კატალოგში ასახულია ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში დაცული ყველა საკრავის მონაცემი.

ქართული საკრავების ფონდიდან კატალოგში შეხვდებით სალამურს, ლარჭემს, სოინარს, ბუკს, პილილს, დოლს, დაირს, ჭიანურს, ჩანგს ჩონგურს, ფანდურს… აღსანიშნავია, რომ მათ შორისაა დიპლიპიტო ილია ჭავჭავაძის ოჯახიდან, ხოლო ჩონგური აკაკი ხორავას პირადი კოლექციიდან. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საკრავები: ზარბი, შოფარი, საზი, თარი, ქამანჩა, უდი, ზურნა, დუდუკი და სხვ. ევროპული საკრავების ფონდიდან გამოცემაში წარმოდგენილია პორტატული ფორტეპიანო, პიანოლა, ფისჰარმონიები, რუსული ბალალაიკები, იტალიური და რუსული მანდოლინები, აგრეთვე მექანიკური საკრავების კოელქცია _ ორკესტრიონები (მუსიკალური კარადები), მუსიკალური ზარდახშები და არღნის სახეობები.

წიგნი მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ქართველი და უცხოელი მკვლევრებისა და შემსრულებლებისათვის, აგრეთვე ტრადიციული მუსიკითა და მუზეუმებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად