ფოლკლორის ცენტრი მესტიის ანსამბლ ,,რიჰოსთან“ ერთად ანიტასთვის კონცერტს გამართავს

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტი ,,ხალხური საღამოები“ ამჯერად თბილისში გრძელდება. 24 ნოემბერს 19:00 საათზე ცენტრის დარბაზში სვანური ტრადიციული სიმღერა აჟღერდება, სადაც მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ 2 წლის ანიტას დაეხმარონ გამოჯანმრთელებაში – თანხა შეუგროვონ მას.

,,რიჰოს” რეპერტუარში უმეტესად სვანური სიმღერა-ფერხულები და ცეკვებია. ამჟამად ანსამბლში სამი თაობა მღერის.
ტრადიციული საშემსრულებლო სტილით, მანერით, სინკრეტულობითა და კუთხურობისადმი ერთგულებით გამორჩეული ანსამბლი ივანე მარგიანმა გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩამოაყალიბა. თავდაპირველად, მას მოიხსეინებდნენ როგორც მესტიის სიმღერისა და ცეკვის გუნდს.


ნახევარი საუკუნე ანსამბლს ცნობილი მომღერალი ისლამ ფილფანი ხელმძღვანელობდა.
,,რიჰო” საქართველოში გამართული თითქმის ყველა ფესტივლისა და კონკურსის მონაწილეა. ანსამბლმა წარმატებით მოიარა ევროპის ქვეყნები: საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, პოლონეთი და სხვა. ხშირად მასპინძლობს და ასწავლის ხალხური სიმღერების მოყვარულთა ანსამბლებსა და შემსრულებლებს უცხოეთიდან.


ანსამბლი 2005-2006 წლების ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი გახდა, 2015-2016 წლებში კი ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატი და პირველი პრიზის მფლობელი ნომინაციაში – ხალხური სიმღერის ანსამბლი, ასევე, 2016 წელს პლატონ დადვანის სახელობის პრემიის ლაურეატი და ფონდ ,,ქართული გალობის“ ნომინანტი – ქართული ფოლკლორის მოამაგე.
ამჟამად ანსამბლ ,,რიჰოს“ ვახტანგ ფილფანი ხელმძღვანელობს.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ,,ხალხური საღამოები“ იმართება.
მომდევნო კონცერტი 26 ნოემბერს 19:00 საათზე ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გაიმართება, სადაც მსმენელის წინაშე ,,ტრიო იარალი” წარდგება.
პროექტი ,,შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება და 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად