ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში 23 სექტემბერს ანსამბლი იალონი კონცერტს გამართავს

#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში 23 სექტემბერს ანსამბლი იალონი კონცერტს გამართავს.

ანსამბლი ,,იალონი” 2009 წლიდან აქტიურად ეწევა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობისა და ხალხური, ქალაქური მუსიკის შესწავლა-პოპულარიზაციას. მოპოვებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები, როგორც საქართველოში ასევე, მის ფარგლებს გარეთ. გამოცემული აქვს რამდენიმე აუდიო ალბომი.

აღსანიშნავია, რომ 2015-16 წელს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ “საქართველოს ფოლკლორის 2015-2016 წლების ეროვნულ ფესტივალზე” გუნდს მიენიჭა პირველი ადგილი, ნომინაციაში – საუკეთესო ქალთა ფოლკლორული ანსამბლი.


2017 წელს, თბილისის საგუნდო მუსიკის კონკურსზე გუნდს მიენიჭა გრანპრი ქართულ ტრადიციული გალობაში, ხოლო პირველი ადგილი და ოქროს მედალი – ქართულ ხალხურ სიმღერაში.

გუნდის ბოლო პროექტი იყო ,,ტრადიციული მუსიკის შემოქედებით-საგანმანათლებლო ტურები საქართელოს რეგიონებში”, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გახორციელდა. პროექტის ფარგლებში გუნდმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოლო კონცერტებითა და მასტერკლასებით ადგილობრივ გუნდებთან. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მომზადდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,ფოლკლორული ჩანახატები“.


ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი ტურებიდან აღსანიშნავია ,,იალონის“ კონცერტებისა და მასტერკლასების ციკლი ჰოლანდიის ოთხ ქალაქში, გუნდ ,,ოქტოიხის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალის ფარგლებში.
2018 წლიდან იალონი თანამშრომლობს ლონდონის Rose Bruford-ის დრამისა და თეატრის კოლეჯთან, ქართული პოლიფონიის შემსწავლელ ანსამბლ ,,მასპინძელთან“ და კემბრიჯის გუნდ ,,ჩელასთან“ – სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისა და ქართული მუსიკის მოყვარულებისათვის გამოცდილების გაზიარების, მასტერკლასებისა და ერთობლივი კონცერტების ჩატარების სახით.
ამჯერად ანსამბლი ,,იალონი“, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით მუშაობს რიგით მეოთხე აუდიო-ალბომის ჩაწერაზე.


მსმენელის წინაშე ანსამბლი 1 საათიანი პროგრამით წარდგება.
ასევე, ფოლკლორის ცენტრის გალერეაში წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია – ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ფოტოკოლექცია ,,ეს ჩემი საქართველოა” და თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის სასწავლებლის უნიკალური კოლექცია – XIX საუკუნის ქართული, ეროვნული სამოსი, ორიგინალი კოსტიუმის ანალოგები – ქალისა და მამაკაცის ქალაქური – თავადური, ხევსურული, აჭარული, თუშური ტრადიციული სამოსი (სამუზეუმე ექსპონატები), ასევე მათი გათანამედროვებული ვარიანტები, ნაქარგობის ნიმუშები, ტრადიციული მეთოდით დამუშავებული თექა, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსი.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი თბილისურ ანსამბლებთან ერთად კამპანიაში გაატარე ზაფხული საქართველოში კონცერტებს ტურისტებისთვის (და არამხოლოდ მათთვის), 15 ივლისიდან 30 სექტემბრამდე ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის ბაღში გამართავს.

მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, მეფე თამარის სახელობის სკოლა – პანსიონი და რესტორანი ,,ეკო გარდენი”.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად