ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლემ ლოტბარ მიხეილ მცურავიშვილის აუდიოალბომის პრეზენტაციას უმასპინძლა

9 ივნისს თბილისის ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში გაიმართა ცნობილი მომღერლის და ლოტბარის მიხეილ მცურავიშვილის აუდიოალბომის წარდგინება. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. 

აუდიოალბომი ეძღვნება მიხეილ მცურავიშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს. ალბომში შესულია ოცდახუთი ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერა, თან ერთვის მომღერლის შემოქმედებითი ავტობიოგრაფია – ,,ჩემი სიმღერა", წინასიტყვაობისა და სიმღერების ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე. წარდგინებას უძღვებოდნენ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და ანსამბლ ,,რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი.

მიხეილ მცურავიშვილი ნახევარ საუკუნეზე მეტია ემსახურება ქართულ ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებას და, ამდენად, განუზომელია მისი დამსახურება ქართული ფოლკლორის წინაშე: ქართლ-კახური და ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელი; ლეგენდარული ანსამბლების – ,,ფიროსმანის" და ,,გორდელას" წევრი; გორის ვაჟთა გუნდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; ქართულ ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრის დირიჟორი და სოლისტი; თბილისური დუდუკის მოტრფიალე – ქსოვრელების მედუდუკეთა დასტის სოლისტი და საუკეთესო შემსრულებელი. პრეზენტაციაზე რამდენიმე სიმღერა შეასრულა ანსამბლმა ,,რუსთავმა".

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად