ფხალაძის მტკიცებით, ლუკაშენკოს რუსეთიდან გზავნილი არ ჩამოუტანია

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ბელარუსის პრეზედენტის ალექსადრ ლუკაშენკოს დასახვედრად ემზადებიან. ორი ქვეყნის პრეზიდენტების ვიზიტის გასაშუქებლად ბელარუსიდან 20-მდე ჟურნალისტია ჩამოსული.

"აიპრესის" კითხვაზე, ვრცელდება ხმები, რომ ბელარუსის პრეზიდენტს საქართველოში ჩამოაქვს გზავნილი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მეთაურს უკავშირდება, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ გზავნილი ვერ იქნება, რადგან ამისთვის უნდა არსებობდეს ორმხრივი პოლიტიკური ნება, "რაც ჯერ-ჯერობით რუსეთის მხრიდან არ არის".

"მე არ ვიცი, რატომ გაჩნდა ხმები. მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ გზავნილები ჟღერდება მაშინ, როდესაც არსებობს პოლიტიკური მზადყოფნა მხარეების მხრიდან, ყველა მხრიდან, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები რაღაც საკითხის მოსაგვარებლად. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციისგან მსგავსი მზადყოფნა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის.

აქედან გამომდინარე, გზავნილებზე საუბარი ზედმეტია, გარდა ამისა, იცით, რომ არსებობს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალება, რომელიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის იგივე თუნდაც ჟენევის ფორმატი, სხვა ფორმატები. ასე რომ, აქ გზავნილის მიტანაზე საუბარი არ არის, აქ საუბარია პოლიტიკურ ნებაზე, რომ გადაიდგას რეალური ნაბიჯები იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რასაც ჰქვია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების პრობლემა და ამიტომ, სანამ მსგავსი მზადყოფნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ იქნება, აქ რაიმე გზავნილებზე საუბარი ზედმეტია",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად