ფირცხალავას ცოლი: “მე და ჩემი შვილები მორალურ წნეხში ვართ”

ნინო ხვიტია მისი მეუღლის ირაკლი ფირცხალავას დაკავების შემდეგ მისი ოჯახის წევრებზე საზოგადოების ნაწილის მხრიდან მორალურ წნეხზე საუბრობს,-ამის შესახებ განცხადება მან “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. 

როგორც ხვიტიამ აღნიშნა, მისი შვილების მიმართ მუქარები და წყევლა საზოგადოების ნაწილის მხრიდან ხორციელდება.

"ჩემმა გუშინდელმა კომენტარმა გამოიწვია კითხვები ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოების კუთხით. საფრთხეები არსებობს რამდენიმე სახის, პირველი – კრიმინალური სამყაროდან მოსალოდნელი საფრთხე, მეორე საფრთხე არის მორალური წნეხი, რომელიც მომდინარეობს სოციალური ქსელებიდან, და სხვადასხვა გადაცემებიდან, რომლებიც ატარებს არაადეკვატურ, არაჯანსაღ, არაჰუმანური ოპონირების ხასიათს. მუქარა არ არის სოციალურ ქსელებში ჩემი შვილების მისამართით განხორციელებული მუქარები, წყევლები და ა.შ.?! მესამე არის სახელმწიფოდან მომდინარე საფრთხეები, იმ სახელმწიფოდან, სადაც ფაქტების მიჩქმალვის, დაფარვის სახით ცდილობენ, რომ დანაშაულს არ დაარქვან სახელი",-განაცხადა ხვიტიამ.

ამასთან, როგორც ირაკლი ფირცხალავას ცოლმა აღნიშნა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველა ის ადამიანი, ვინც მიმდინარე მოვლენებზე არის პასუხისმგებელი, პასუხს აგებს.

"ის, რაც ქვეყანაში მოხდა, ეს არის ისეთი მძიმე ფაქტი, რომელიც არც ერთ ცივილურ ქვეყნებში არ ხდება. ეს არ არის გასაცინი ფრაზები. თუ არ მოხდა უახლოეს მომავალში, რაღაც დროში ეს ყველაფერი გარკვეული იქნება და ის პირები, რომლებიც ამ ყველაფერზე არიან პასუხისმგებელი, ამაზე მოუწევთ პასუხის გაცემა",-აღნიშნა ხვიტიამ.

შეგახსენებთ, რომ კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას კორტების სპეცოპერაციის დროს განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებების ფალსიფიცირება ედება. სასამართლო ხვალ ფირცხალავასა და კიდევ 11 ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად