ფიქრია ჩიხრაძე: დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიებად გამოცხადებას შესაძლოა სანიმუშო გადაწყვეტა მოჰყვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, მეოთხე პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე და კიდევ რამდენიმე პირი ხელისუფლებას მიმართავენ, რომ დავით გარეჯს დაცული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭოს.

ჯგუფის წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე „აიპრესთან“ განმარტავს იმას თუ რატომ მიიჩნევენ, რომ ეს მოაგვარებს გარეჯთან დაკავშირებულ სირთულეებსა და პრობლემებს.

„დავით გარეჯთან დაკავშირებით რა პრობლემაც არის, ეს ახალი არ არის. ჯერ კიდევ მაშინ იყო ეს პრობლემა, როდესაც დავით გარეჯიდან პოლიგონის გადატანისთვის მოძრაობა იყო ჩემი თაობის სტუდენტურ მოძრაობაში. იქიდან მოყოლებული პრობლემაა, რომ საზღვარი, რაც საბჭოთა მემკვიდრეობით დაგვრჩა, არ აის გავლებული. არის სხვადასხვა მონაცემები, სხვადასხვა რუკები და ეს სხვადასხვა სურათს იძლევა. დღეს, ამ საკითხმა უფრო მწვავე პრობლემა შეიძინა და ეს არის თემა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქართული კულტურისა და სარწმუნოებისთვის. დავით გარეჯის კომპლექსი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ამავე დროს ყველანი ვაცნობიერებთ იმას, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია. ჩვენი პოლიტიკური ბედი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და  არცერთ შემთხვევაში არ არის სასურველი, რომ დაძაბულობა შენარჩუნებული იყოს.

არსებობს აპრობირებული გზები, მეთოდები იმისა, რომ ამ ტიპის გაურკვევლობები (არ მინდა კონფლიქტი დავარქვა) მოგვარდეს სხვადასხვა გზები. საქათველოში არის ძალიან ავტორიტეტული ჯგუფი, მეცნიერებით და ექსპერტებით დაკომპლექტებული ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ ამ თემაზე. ჩვენც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ამ ხალხთან და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იდეაა დაცული ტეროტორიების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ კულტურულ და რელიგიურ კომპლექსს ეხება. არამედ ეხება გარემოს დაცვით, ეკონომიკურ საკითხებს. უნიკალური ლანდშაფტური ძეგლებია ამ ტერიტორიაზე, რომელსაც სჭირდება მეთვალყურეობა და დაცვა. ეს თავისუფლად შეიძლება იყოს არა ორი ქვეყნის მოხმარების სფეროში, არამედ ზოგადად გასცდეს ნაციონალურ საზღვრებს და საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს, რომელსაც ექნება საერთაშორისო სამეცნიერო ინტერესი და ტურისტული ინტერესი.

ეს არ არის თემა, რომელზეც შეიძლება დაიწყოს ემოციური მსჯელობა. ეს არის თემა, რომელზეც აუცილებელია დაიწყოს სიღრმისეული განხილვები. ვფიქრობთ, ამის საუკეთესო გადაწყვეტაზე. არ ვიცი, რა ინტერესები ექნება საზოგადოებას ამ იდეის მიმართ, მაგრამ აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებასაც აქვს ამგვარი მიდგომა. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რასაც შეიძლება მოჰყვეს სანიმუშო გადაწყვეტა“, – ამბობს ჩიხრაძე.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ამის თაობაზე, პასუხობს, რომ ოფიციალურ დონეზე ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა.

„ოფიციალურად ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა ხელისუფლებასა და ამ ჯგუფს შორის, თუმცა გარკვეული ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ამ იდეის თაობაზე იყო და ვნახოთ ექნება თუ არა ამას რაიმე გამოძახილი“, – გვითხრა ფიქრია ჩიხრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად