ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს

ირაკლი ელაშვილი ფინკა ბანკი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეა. ის ფინკა ბანკს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის სექტემბერში შემოუერთდა. მას ფინანსურ და საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთში ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა Barclays Bank, BNP Paribas და თიბისი კაპიტალი. 2017-2019 წლებში ირაკლი თიბისი კაპიტალის დირექტორი და საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ფინანსურ სექტორში მოღვაწეობამდე, ირაკლი საქართველოში ენერგეტიკის სექტორში წამყვან გლობალურ საკონსულტაციო ფირმაში – PA Consulting Group-ში მუშაობდა მენეჯმენტ კონსულტანტისა და სხვადასხვა აღმასრულებელ პოზიციებზე. ირაკლი ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (2008), ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საბანკო საქმისა და ფინანსების განხრით (2002).

„მივესალმებით FINCA Impact Finance-ის გლობალურ გუნდში ახალ წევრს. დარწმუნებული ვარ, ირაკლი თავისი მდიდარი გამოცდილებით, ფინკა ბანკის ამბიციური გეგმების განხორციელების პროცესს ეფექტურად წარმართავს. მიზანი ერთია – ფინკა ბანკმა, თავის სეგმენტში, ბაზარზე მოწინავე პოზიცია დაიკავოს, როგორც ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულმა, მომგებიანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელიც მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებსა და ბანკთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებას შესთავაზებს“, – განაცხადა ფლორინ ლილამ, ფინკა იმპაქტ ფაინენსის ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა და ფინკა ბანკის საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

„ჩემთვის დიდი პატივია შევუერთდე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე გლობალურ საბანკო ორგანიზაციას და მის მაღალპროფესიონალურ გუნდს. მიხარია, რომ ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა და სამეთვალყურეო საბჭომ გამოხატა ჩემდამი ნდობა, სათავეში ჩავუდგე ფინკა ბანკს ტრანსფორმაციისა და განვითარების ახალ ეტაპზე. ფინკა ბანკის უპირველესი ამოცანაა, მომსახურების მაღალი სტანდარტი დანერგოს, მათ შორის საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის იმ დიდი ნაწილისათვის, ვისთვისაც სრულ საბანკო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ დაბალია. ფინკა ბანკი, უფრო მეტად ვიდრე აქამდე, მომხმარებელს მომსახურების მაღალ სტანდარტთან ერთად, შესთავაზებს ინოვაციებს და ორიენტირებული იქნება მათთვის დამატებითი ღირებულების შექმნაზე. ასევე, ჩვენი მიზანი იქნება ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებასა და ეკონომიკის კონკრეტული სექტორების გაჯანსაღებას. დარწმუნებული ვარ, რომ ფინკა ბანკის დიდი ოჯახი, ბანკის ყველა თანამშრომელი, წარმატებით ვუპასუხებთ ამ დიდ გამოწვევებს, გავაგრძელებთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას საქართველოს საბანკო სექტორში და მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ბანკის ზრდისა და ტრანსფორმაცის პროცესში“, – აცხადებს ირაკლი ელაშვილი, ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენლობაა საქართველოში. ფინკამ საქართველოში ოპერირება დაიწყო 1998 წელს და 2013 წლის 6 აგვისტომდე საქმიანობდა როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტი. 2013 წლის 6 აგვისტოს ინსტიტუტმა საბანკო საქმიანობის ლიცენზია აიღო.
ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო აქციონერები და ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, და Triple Jump. ფინკა ბანკი საქართველო ორიენტირებულია თავის მთავარ სეგმენტს, მათ საჭიროებაზე მორგებული, ახალი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს ტექნოლოგიურად ინოვაციური, გაზომვადი და დამატებითი ღირებულების მომტანი გადაწყვეტილებებით. ბანკი დღეისათვის 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება ქვეყნის ყველა
რეგიონში.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად