ფინანსთა სამინისტრო: აქვს თუ არა “იმედს” დავალიანება, საგადასახადო საიდუმლოების ნაწილია და ამას ხვალამდე არ ვიტყვით

ფინანსთა სამინისტრომ ტელემაუწყებლების დავალიანებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ტელეკომპანიებს დავალიანების დასაფარად დრო დღეს, დღის ბოლომდე მისცა.

განცხადებაში არ იყო დაკონკრეტებული, ვის რამდენი აქვს დავალიანება. მედია და პოლიტიკურ წრეებში კი განსაკუთრებით აინტერესებთ “იმედის” დავალიანება და მიიჩნევენ, რომ ჯერ ამ ტელეკომპანიამ უნდა გადაიხადოს დავალიანება და მერე მოსთხოვოს სხვებს გადახდა.

“აიპრესმა” ფინანსთა სამინისტროს მიმართა კითხვით აქვს თუ არა “იმედს” დავალიანება და რამდენი, რაც სამინისტროში უპასუხოდ დატოვეს. გვითხრეს, რომ ვერცერთი ტელევიზიის დავალიანების შესახებ ვერ გაგვცემენ ხვალამდე პასუხს, ანუ იმ დრომდე, როდემდეც აქვთ ვადა მაუწყებლებს გადასახადების დასაფარად.

“ხვალამდე ჩვენ სხვა განცხადებას ვერ გავაკეთებთ. ჯერ ერთი არის საგადასახადო საიდუმლოების ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვერ გავაჟღერებთ და ეს შეუძლია თქვას გადამხდელმა. დღევანდელი დღე აქვთ მათ ამის გადასახდელად. თუ საჭირო გახდება, ხვალ დამატებით განცხადებას გავავრცელებთ”, – გვითხრეს ფინანსთა სამინისტროში.

დამაზუსტებელ კითხვაზე აქვს თუ არა “იმედს” დავალიანება? – ფინანსთა სამინისტროს პასუხი ასეთია: “გიპასუხეთ. გუშინდელი განცხადების ტექსტის გარდა ამ ეტაპზე სხვა განცხადებას ვერ გავაკეთებთ. ველოდებით, როგორ მოიქცევიან ტელეკომპანიები”, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად