“ფინალში იტალიის გამარჯვებას ველოდები” – ინტერვიუ ბიძინა ბარათაშვილთან

ევროპის ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევიდა. დარჩენილია ერთადერთი და ყველაზე მთავარი მატჩი – ევრო 2020-ის ფინალი. უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა ნახევარფინალები, სადაც ფინალის საგზური იტალიამ საფეხბურთო ლატარეის – პენალტების წყალობით მოიპოვა, ხოლო ინგლისმა ბევრის აზრით მსაჯის წყალობით, რომელმაც დანიის კარში ძალზედ საეჭვო პენალტი დანიშნა.

ასეა თუ ისე კვირას მოწყურებული გუნდების ფინალი გველოდება. ინგლისის, რომელიც ყოველთვის ფავორიტია, მაგრამ სანუკვარი თასი არასოდეს აღუმართავს და იტალია, რომელიც ასევე ყოველთვის ფავორიტია და რომელსაც ევროპის ჩემპიონატი ერთადერთხელ და ისიც შორეულ 1968 წელს აქვს მოგებული.

რამდენად გაამართლა ევროპის ჩემპიონატმა? რამდენად მოსალოდნელი იყო მთავარი ფავორიტის საფრანგეთის გავარდნა და ელოდა თუ არა იტალიის ასეთ გაბრწყინებას? – ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში საფეხბურთო მიმომხილველი ბიძინა ბარათაშვილი საუბრობს:

_ ევროპის ჩემპიონატის ფინიშში გავდივართ. დარჩა მხოლოდ ფინალური მატჩი. გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინები ტურნირმა?

_ მეტწილად გაამართლა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ზუსტად ის მივიღე, რსაც ველოდებოდი. იმიტომ, რომ იყო ბევრი ისეთი თამაში, რომელიც დიდად დასამახსოვრებელი ალბათ არ იქნება. ვგულისხმობ ჯგუფური ეტაპის ფაზას. მართალი გითხრათ, არ გახლავართ ბევრ გუნდიანი ტურნირებისა. მიმაჩნია, რომ გუნდების რაოდენობის ზრდა ცუდად აისახება ხარისხზე.

_ ანუ ფორმატის ცვლილებას და რაოდენობის ზრდას არ ეთანხმებოდით?

_ არა. ვეთანხმებოდი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია – მე ვინ მეკითხება  დათანხმებას ან არდათანხმებას, მაგრამ დიახ, გიდასტურებთ, რომ მე არ მომწონს ეს. მესმის, რომ ეს პატარა გუნდებისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც დიდი შანსია ასეთ ფორუმებზე მოხვედრის, მაგრამ ამის მიუხედავად მე მაინც მიმაჩნია, რომ საერთო დონე ეცემა.

პატარა გუნდებს დაუმტკიცებიათ ისედაც, რომ მომცრო ფორმატის პირობებშიც შეიძლება წარმატების მიღწევა. ამის მაგალითია იგივე დანია, რომელმაც 1992 წელს ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა 8 გუნდიან პაექრობასა და გრანდებთან ჭიდილში.

ამიტომაც ჯგუფურ ეტაპზე არ ველოდებოდი ბევრ კარგ თამაშს და პრინციპში დიდად არ განმიცდია ის მატჩები, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, მოსაბეზრებელი იყო. მაგრამ პლეი ოფიდან აბსოლუტურად სხვა დონე დაიწყო, რასაც ველოდით კიდეც და ზოგ შემთხვევაში იმაზე მეტი შთაბეჭდილება მოახდინეს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

შედეგად მივიღეთ ძალიან კარგი ფინალი. ევროპის ჩემპიონატის თვალსაზრისით მოწყურებული გუნდები. იმიტომ, რომ ეს კონტინენტური პირველობა ინგლისელებს საერთოდ არ მოუგიათ, იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთი მათი მოგონილია. იტალიას რაც შეეხება, მან შორეულ 1968 წელს მოახერხა ოთხგუნდიანი ტურნირის პირობებში გამარჯვების მოპოვება. თანაც იტალიამ ითამაშა ის თამაში, რასაც მისგან არავინ არ ელოდა.

_ ეს თქვენთვისაც სიურპრიზი იყო?

_ არა. სიურპრიზი აღარ იყო. იმიტომ, რომ მანჩინი რამდენიმე წელია გუნდის სათავეშია და ამ ფეხბურთს ათამაშებდა. მათ შორის შესარჩევი ტურნირის დროსაც, რასაც ჩვენც გადავცემდით „სილქ ტვ“-ის ეთერით. სიურპრიზი იყო მაშინ, როდესაც მანჩინიმ დააწყებინა ამ ტიპის ფეხბურთის თამაში. დიდი ხანია ფეხბურთს ვადევნებ თვალს და 1978 წლის ფორმაციის იტალიის შემდეგ მე ასეთი შემტევი იტალია არ მინახავს.

_ გვქონდა სენსაციებიც. ალბათ ყველაზე ხმაურიანი მაინც საფრანგეთის ფიასკო იყო. რით აიხსნება ეს, რომ იმის მიუხედავად, რომ ძალიან ვარსკვლავური ნაკრები ჰყავს საფრანგეთს, ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა ტურნირს?

_ ჯერ ერთი პლეი ოფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე საფრანგეთის ნაკრები არცერთ მატჩში არ მომეწონა, რომელშიც ის ვნახე. ჯერ ერთი საერთოდ არ მომწონს ის სტილი, რასაც მისდევს დიდიე დეშამი. იმის მიუხედავად, რომ ამ სტილმა ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა. შედეგის თვალსაზრისით ყველაფერი გასაგებია, რასაც ვერ ვიტყვით სანახაობაზე.

_ ზედმეტად პრაგმატულია?

_ დიახ, ზედმეტად პრაგმატულია და გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო ეს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მატჩი ჩაატარეს სეზონის მანძილზე საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა. ყველა მათგანი თავისი გუნდის გამოკვეთილი ლიდერია, ამიტომ, როდესაც გუნდი 80 მატჩს ატარებს სეზონში… ვგულისხმობ ცალკეულ ფეხბურთელებს, რომლებიც ტოპ გუნდებში თამაშობენ. რთულია, რომ მოსთხოვო ფეხბურთელებს, რომ მთელი სეზონი ერთ დონეზე იყვნენ.

მაგალითად, მბაპეს სეზონის ბოლოს პსჟ-ს შემადგენლობაშიც ეტყობოდა, რომ არ იყო ფორმაში, ამიტომ მისი გაბრწყინების განსაკუთრებული მოლოდინი მე არ მქონია. მბაპეს არ ჰქონია განსაკუთრებული შეხვედრა არც „ბარსელონასთან“ და არც „ბაიერნთან“. მათ შორის შიდა ჩემპიონატშიც „პსჟ“-მ წააგო „ლილთან“ და საუბარი იმაზე, რომ „პსჟ“-ს ფრანგი ლიდერები კარგ ფორმაში ხვდებოდნენ ტურნირს, ამის მოლოდინი არ უნდა ყოფილიყო. კანტეზე გადაიარა „ჩელსის“ მთელმა სეზონმა და ამ კაცის შესაძლებლობებიც ალბათ რაღაცნაირად შეზღუდულია. ვერც პოგბაზე იტყვი, რომ დაუვიწყარი სეზონი ჰქონდა. მართალი გითხრათ, საფრანგეთის მიერ შვეიცარიის ვერდამარცხება დიდი სენსაცია არ გამხდარა. საფრანგეთს არც წაუგია თამაში, პენალტებით გამოეთიშა ტურნირს. მატჩი დამთავრდა უხვგოლიანი ფრით.

თუ გადავხედავთ, სად თამაშობენ შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელები, დავინახავთ, რომ მათ არ აკლიათ კვალიფიკაცია, მაგრამ დატვირთვები გაცილებით ნაკლები ჰქონდათ. იგივე სეფეროვიჩს, რომელიც „ბენფიკაში“ თამაშობს. შეადარეთ, პორტუგალიის ჩემპიონატში მას დიდი, დიდი სათამაშო აქვს 4 თამაში – 2 „პორტოსთან“ და 2-იც „სპორტინგთან“. დანარჩენები ბევრად უფრო დაბალ დონეზე არიან. ევროტურნირებზე „ბენფიკა“ არაფერ განსაკუთრებულს არ აღწევს.

_ აღმოჩენას რომ ვეძახით ხოლმე, ასეთი ფეხბურთელი თუ დაინახეთ?

_ იმდენად ბევრ თამაშს ვადევნებთ თვალს სეზონის მანძილზე, ამიტომ რომ გითხრათ ვიღაცამ ძალიან გამაკვირვა, ალბათ არ ვიქნები მართალი. იქ იყო შიკი, რომელსაც კარგად ვიცნობთ, რომლისგანაც დიდი ხანია ველოდებით მაღალი დონის თამაშს და მან ეს თამაში აჩვენა – 5 გოლი გაიტანა. დანიელებს ჰყავდათ რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთაც ითამაშეს თავიანთ პიკზე. რამდენად გაგრძელდება გრძელვადიან ჭრილში მათი წარმატებული თამაში, ეს ძნელი სათქმელია.

_ ფინალისგან რას ელოდებით?

_ იტალიის გამარჯვებას ველოდები. იმიტომ, რომ იტალიას ვგულშემატკივრობთ.

_ გახსნილი თამაში იქნება თუ ინგლისი ისევ იტალიურ სტილში ითამაშებს?

_ მე არ მომწონს ინგლისის ნაკრები ამ ტურნირზე. არ ვსაუბრობ შედეგის მხრივ, ძალიან კარგი შედეგი აქვს და ასეთი არც ჰქონიათ. ძალიან კარგი ფეხბურთელებით არის გუნდი დაკომპლექტებული, მაგრამ ის ფეხბურთი, რასაც საუთგეიტის გუნდი თამაშობს, მე არ მომწონს. უკრაინასთან რომ გაიხსნა და დიდი ანგარიშით მოიგო, ეს ჩემი აზრით საზომად არ გამოდგება, ეს უკრაინის სისუსტეზე უფრო მეტყველებს, ვიდრე ინგლისის სიძლიერეზე.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...