ფილიპ ბრიდლავი მავთულხლართებთან: ვიხილე, როგორ არის გაყოფილი თქვენი ხალხი ორად

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ მარკ ბრიდლავი დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

გენერალ ფილიპ მარკ ბრიდლავს შიდა ქართლში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ- მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ახლდნენ.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური სოფელ ხურვალეთში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

„მქონდა შესაძლებლობა, ვსტუმრებოდი თქვენს ადმინისტრაციულ საზღვარს. ჩემთან ერთად იყვნენ საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი და აშშ-ის ელჩი საქართველოში. იქ ვიხილე, თუ როგორ არის გაყოფილი თქვენი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა ორად. თქვენს ქვეყანას, თქვენს მამაც ქვეყანას უშუალოდ აქვს გამოცდილი რუსეთის მცდელობა, გააფართოვოს იძულებითი და კოროზიული გავლენა მის საზღვრებს მიღმა. ახლა კი, იგი ცდილობს, რომ აგრესიულად ითამაშოს მსოფლიო არენაზე. საბოლოო ჯამში, რუსეთის ინტერესია, შეცვალოს საერთაშორისო სისტემაში არსებული წესები და პრინციპები, დაანაწევროს თავისუფალი სამყარო და გამოწვევა შეუქმნას ჩვენს სიმტკიცეს“, – აღნიშნა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა.

დღესვე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს გენერალურ შტაბში ესტუმრა.  გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან. გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოდან დღეს გაემგზავრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად