ფერადი მატყლით შექმნილი თექის სამყარო – ბესო ფშაველაშვილის საოცარი ნამუშევრები (ფოტორეპორტაჟი)

პროფესიით მხატვარმა ბესო ფშაველაშვილმა თექაზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა ამ მცირე დროის განმავლობაში უკვე 50-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა და მათი ნაწილი საქართველოსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც გაყიდა.

ამბობს, რომ მხატვრობისგან განსახვავებით თექაზე მუშაობა უფრო დამაინტრიგებელია და მეტი მანევრირების საშუალებასაც იძლევა ნამუშევრის შექმნის პროცესში.

როგორ ქმნის ნამუშევრებს, რა თავისებებურები აქვს თექაზე მუშაობას და რატომ ამჯობინა თექა ფუნჯებს და საღებავებს, ,,აიპრესის,, ინტერვიუდან შეიტყობთ.

„პროფესიით მხატვარი ვარ. შარშანწინ თექის მიმართულებით მომუშავე ადამიანების დაფინანსება მიმდინარეობდა და მეც მკითხეს ხომ არ დავინტერესდებოდი თექაზე მუშაობით. რომ იტყვიან შარი ხეირად მექცა, შევიძინე ეს ფერადი მატყლი, ერთმა მეგობარმა ქალბატონმა გაკვრით მაჩვენა როგორ კეთდება თექა და მას შემდეგ დავიწყე და დავიწყე მუშაობა.  შეიძლება ითქვას, რომ თექაზე მუშაობის სპეციფიკა არ მისწავლია, ალბათ ამიტომაც არის რომ ჩემს ნამუშევრებში რაღაც განსხვავებულს ხედავენ ხოლმე“.

-რას გულისხმობთ?

– განსხვავებაში ვგულისხმობ მაგალითად, რომ სხვას როგორც აქვს თექა გაკეთებული, მისგან განსხვავებულია. ზოგი ამბობს, რომ 3D-შია გაკეთებული, არადა ეს აზრადაც არ მომსვლია ყველა ნამუშევარს ვქმნი სპონტანურად. მაგალითად მუშაობას რომ ვიწყებ, წინასწარ არასოდეს მაქვს ესკიზი. დავჯდები და რაც თავში მომივა იმას ვაკეთებ უცბათ, ამის საშუალებას ფერთა გამა მაძლევს. კმაყოფილი ვარ ჩემი ახალი გატაცებით, ამ ეტაპზე  გადავდე საღებავები გვერდზე და ვმუშაობ მხოლოდ და მხოლოდ ფერადი მატყლით, ჯერჯერობით ეს საქმე ბევრად საინტერესოა ჩემთვის და მერე რა იქნება არ ვიცი.

მხატვრობისგან რითი განსხვავდება თექაზე მუშაობა, რომელი პროცესი უფრო მარტივი და საინტერესოა?

-ჩემთვის ამჟამად ბევრად უფრო საინტერესო თექა გამოვიდა, როგორია ახლა – მატყლს იღებ და მატყლითა და ნემსით ფაქტიურად ფერწერას აკეთებ. ჩემ ნამუშევრებში არაფერი საღებავი ან ფლომასტერი არ ურევია, წამწამებიც კი მხოლოდ და მხოლოდ ფერადი მატყლით არის გაკეთებული.

რომ გაიხსენოთ პირველი ნამუშევარი, რა შექმენით თავდაპირველად, რა იყო თქვენი ინსპირაცია?

-წინასწარ დაგეგმილი არასოდეს არ მაქვს რა უნდა გავეკთო. პირველი ნამუშევარი იყო პაპა. მსგავსი ჭედურობა მეკიდა კედელზე და ვიფიქრე უცბათ აბა მსგავსს თუ გავაკეთებ მეთქი, კოპირება არ შემიძლია არაფრის, ჩემ დაწერილსაც კი ვერ გადავწერ ზუსტად. გავაკეთე ეს ნამუშევარი, შემდეგ იყო თამარ მეფის პორტრეტი ჩემი ინტერპრეტაციით შექმნილი, რომელიც მალევე გაიყიდა. ის რომ გაიყიდა ძალიან დამწყდა გული. თითოეული ნამუშევრის შემდეგ ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, თითქოს შვილი დავკარგე, იმიტომ რომ შენი ნაწილი ხდება ყველა ნამუშევარი.

რა დრო სჭირდება ერთი ნამუშევრის შექმნას?

-გააჩნია განწყობას, თუ შემაღონა მუზამ უნდა დავამთავრო იმ დღისთვის. მაგრამ არის ნამუშევრები, როდესაც მთელი თვე ვუნდები, რომ  დავასრულო.. ეს როგორც უკვე აღვნიშნე განწყობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. თუ ნახატზე დიდხანს ვმუშაობ, ხდება ხოლმე რომ მესამე დღეს ან მესამე კვირას მასში დამატებითი ცვლილებები შემაქვს. ამის საშუალებას მატყლი თავისუფლად გაძლევს, საღებავისგან განსხვავებით, საღებავს თუ მეორე ფენა საღებავი უნდა დაადო, აქ შავ მატყლს თეთრს დაადებ და გათეთრდება უცბათ მატყლი. ერთი სიტყვით, თექაზე მუშაობა ბევრად დამაინტრიგებელი აღმოჩნდა ჩემთვის. ახლა სოფელში ვიმყოფებოდი და ვიფიქრე ამ ჯერზე, ბუნებაში უფრო მეტ ნამუშავერს შევქმნი და ნაყოფიერად ვიმუშავებ მეთქი, მაგრამ სოფლის საქმეც იმდენი მაქვს თექაზე მუშაობას ვეღარ ვახერხებ (იცინის).

როგორ იწყებთ მუშაობას, ტექნიკურად  როგორ  ხდება ჩვეულებრივი მატყლის  გარდაქმნა ხელოვნების ნიმუშად?

თავდაპირველად ვაკეთებ თვითონ თექის მატერიას, შახმატურად ერთმანეთზე იდება ოთხი-ხუთი ფენა მატყლი, გააჩნია რა სისქის გინდა გამოვიდეს მატერია. შემდეგ იწყება მასალის სველი ტექნიკით დამუშავება, ანუ მდუღარე წყლითა და ცელოფნის საშუალებით ითექება მასა, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა. დაახლოებით ერთ მტკაველზე დადებული მატყლი უნდა იქცეს ნახევარ სანტიმეტრიან, 3 მილიმეტრიან ფენად. შემდეგ ამას ვაშრობ და უკვე ვიწყებ ხატვას შექმნილ მატერიაზე ფერადი მატყლებით. მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მოთექვის პროცესშივე ვთქვათ ჩავდოთ ის ლანდშაფტი, მთები, მზე თუ რაც მინდა და დავადო ფერები რაც მე მჭირდება და პირდაპირ სველი ტექნიკითვე გამოვიდეს ნამუშევარი, მაგრამ ეს ისეთი ეფექტური არ იქნება, როგორც შერეული, მშრალი ტექნიკით შექმნილი ნამუშევარი.

ფერად მატყლს როგორ იღებთ?

კარგი იქნებოდა ამას მე ვაკეთებდე თავად, მაგრამ ალვანში არის სახელოსნო, სადაც იყიდება უკვე მზა, ფერადი მატყლი და იქ მარტივად ხდება შეძენა. ფასებიც არის საკმაოდ დაბალი, მაქედან წაღებულ მასალას საქართველოს სხვა რეგიონებში ორმაგად ყიდიან. თუმცა ჯერჯერობით პროექტის ფარგლებში იმდენი მატყლით დამაფინანსა ,,ეკლანამ,, რისთვისაც დიდი მადლობა მას, დაგროვილი მასალა სად გავხარჯო არ ვიცი. (იცინის)

ამ  ერთი წლის განმავლობაში რა თემაზე მუშაობთ, დაახლოებით რამდენი ნამუშევარი გაქვთ შექმნილი და ძირითადად რა თემატიკაზე

როგორც გითხარით, არ მაქვს განსაზღვრული რას გავეკთებ დღეს.აი მაგალითად, ახლა ჩაფიქრებული მაქვს რომ უნდა გავაკეთო ბროწეულები და ლოყაწითელი ქალი, ოღონდ ჯერ ვერ მოვაბი თავი დაწყებას. ჩემი ნამუშევრების უმეტესობა ძირითადად ქართულ, ნაციონალურ თემატიკაზეა შექმნილი. დაახლოებით 50 ნამუშევარი მაქვს შექმნილი ამ ერთი წლის მანძილზე, მე მეცოტავება,მაგრამ მეუბნებიან რომ საკმაოდ ბევრია. მთავარია დრო მქონდეს, ფესტივალი რომ იყო ,,თელავინო,, შემდეგ უნდა ყოფილიყო ჭაჭის ფესტივალი და 5 დღეში 4 ნამუშევარი შევქმენი.

-ბოლო ნამუშევარი როდის შეიქმნა?

-სწორედ ჭაჭის ფესტივალისთვის შევქმენი ბოლო ნახატი, რომელსაც ჰქვია ,,ტკბილი სიბერე,, ორი მოხუცი არის თავმიდებული. ეს არის შავ-თეთრში შესრულებული ნახატი, რაც ბევრად უფრო რთული ყოფილა, ლამის ორმაგი დრო დამჭირდა. ფერადი თექა გაძლევს საშუალებას, რომ ფერები ათამაშო, რაღაც შეცდომაც მიმალო, მაგრამ შავ-თეთრში უნდა გამოსახო ყველა დეტალი უშეცდომოდ, სხვათაშორის გაიყიდა ფესტივალზე ეს ნამუშევარი.

ტურისტები და ადგილობრივები რამდენად ინტერესდებიან თქვენი ნამუშევრებით?

– აბსოლიტურად ყველას აინტერესებს, მოდიან და გამოხატავენ ინტერესს. მაგალითად გურჯაანში ვიყავი ცოტა ხნის წინ ფესტივალზე და მოიყვანეს ერთი ესპანელი პადრე, ფოტოც კი არის გადაღებული, რომ ამ პადრეს პირი ღია დარჩა ნამუშევრებს რომ ათავლიერებდა, მერე ვიძახდი კი დარჩა პირი ღია მეთქი, მაგრამ ჯიბეს ძალაინ მოუჭირა ხელი და არ იყიდა ის ნამუშევრი (იცინის).რატომღაც ეძვირებათ ხოლმე, ერთხელ  ჩემი  ნამუშევრები რომ დავალაგე სალონებში მეიდანზე, ორი კვირის შემდეგ მივედი რომ მენახა, რა თქმა უნდა, თანხა წინასწარ არ გადამიხადეს. შემითანხმდნენ  რომ გაიყიდება მერე 300 ლარს მოგცემთ ერთ ცალშიო და თვითონ დაუდიათ ფასი 900-დან 1000 ლარამდე. ჩამოვხსენი და წამოვიღე უკან, თან ისინი ისე ვერ მოუვლიდნენ როგორც მე. თექას მაინც თავისებური მოვლა სჭირდება, წელიწადში ორჯერ  სპეციალური ჩრჩილის საწინააღმდეგო  წამალი უნდა  მიესხას, სხვა არანაირი პრობლემა არ არის, ფერი არ გასდის და არაფერი.

-ქართველები თუ ყიდულობენ თქვენს ნამუშევრებს?

-კი, ეხლა ძირითადად ქართველებმა იყიდეს თელავქალაქობაზე, ერთმა თქვა ამერიკაში წავიღებო, მეორემ მაროკოშიო და ა.შ. ძალიან გამიხარდა.

თითეულ ნამუშევრს ფასს რის მიხედვით ადებთ, ნახატის სიდიდის და  შესრულების  სირთულის?

-სიდიდის მიხედვითაც რა თქმა უნდა, სად ეხლა 30 სმ-იანი და სად 60×60. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ბევრად უფრო მიადვილდება დიდ ნამუშევრებზე მუშაობა. ეს ხომ საღებავი, ფუნჯი და ფანქარი არ არის. პატარა ბევრად გაცილებით რთული შესასრულებელია  და ამას რომ ყიდი 30 ლარად გული მწყდება ხოლმე, იმიტომ რომ 300 ლარის მუშაობა მაქვს ჩადებული იმ პატარა ნამუშევარში.

ხშირად მეუბნებიან ხოლმე ეს ასე გააკეთე, ეს ასეო, მაგრამ ცოტა რთული მოსწავლე ვარ, ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებ.

ამ წლების განმავლობაში ბევრ პროფესიაში მაქვს მოსინჯული თავი, 90-იან წლებში მსახიობი  იუმორიტი ვიყავი, ერთხელ თელავის თეატრში მქონდა კონცერტი, რაღაც სიმღერას ვმღეროდი და ცეკვა მჭირდებოდა კლასიკური,   ჩემი მეგობარი მასწვლიდა თითქოს მაგრამ ვერ ავითვისე ისე როგორც საჭირო იყო,ვერ მასწვალა ცოცხალი თავით. საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ცეკვაც გამომივიდა და სიმღერაც, ოღონდ ყველაფერი ჩემებურად, ჩემი ინტერპრეტაციით გავაკეთე. ასე ვარ თექასთანაც, ვაკეთებ იმას რაც მინდა და როგორც მინდა.

 

თექაზე მუშაობის პარალელურად თქვენ აკეთებთ ხელნაკეთ თოჯინებს, რომელთაც  განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ სამზარეულოში… 

-კი, კი. ამ საქმეში  მეხმარება ჩემი ახლობელი. ამ თოჯინებს თავისი დატვირთვა აქვს. საბერძნეთში ვნახე ერთგან და ავიტაცე მაშინვე ეს იდეა. არის ცელოფანის პარკების შესანახი თოჯინა, შეიძლება გაიკეროს და შიგ ჩაიყაროს სურნელოვანი მცენარეებიც პიტნა სვია და ა.შ. მაგრამ ეს ფაქტიურად გავაკეთე ყველა დიასახლისის მოუგვარებელი პრობლემის მოსაგვარებლად. არ იციან ხოლმე ხშირად სად წაიღონ გამოუყენებელი პარკები, ამ პრობლემას ჩვენი თოჯინები გადაგიჭრით, თითოეული თოჯინის კაბაში დაახლოებით 100-120 ცალი პარკი ეტევა, იკიდება სამზარეულოში, ჩადებ ჩამოსწევ ქვემოდან და ჩამოვა მარტივად.ლამაზიც არის და იყიდება კიდეც, სალონებში 65 ლარი დაადეს და ჩვენ ადგილზე 20 ლარად გავყიდეთ.

-რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თუ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას,  ხომ  არ  გეგმავთ საკუთარი სახელოსნოს შექმნას?

–  ცალკე სახელოსნო არ მჭირდება ამ ეტაპზე, სახლში ფაქტიურად მარტო ვარ და მუშაობაში ხელს არავინ  მიშლის, მთავრია დრო და მონდომება მქონდეს. ვფიქრობ, გარკვეული რაოდენობის ნამუშევრები რომ დამიგროვდება გამოფენა გავაკეთო. გურჯაანში ნახეს ჩემი ნამუშევრები და  შემომთავაზეს თანამშრომლობა. სავარაუდოდ მარტში, გურჯაანის კულტურის სახლში გავაკეთებ კონცერტს და ნამუშევრების გამოფენა იქნება, დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს.

ავტორი: ნათია ნანაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად