“ფეხებზე გვკიდიხართ” “კურდღლები ხართ” – ფსიქოლოგების, ფილოსოფოსების და პიარის სპეციალისტების შეფასებები

რა იწვევს ახალგაზრდებში აგრესიას და ხომ არ ხდება ერთ-ერთი მაპროვოცირებელი პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა თუ ქმედებები? – ეს არის საკითხები, რაც როგორც მინიმუმ დაფიქრებას მოითხოვს. „აიპრესის“ რესპონდენტებს კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირთ, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ეს ქმედებები ხშირად გავლენას ახდენს – ზოგჯერ მიმბაძველობით, ზოგჯერ კი დაგმობის მხრივ.  ჩვენი რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ მთავარი მაინც მენტალიტეტია და პოლიტიკოსებზე ამ პასუხისმგებლობის აკიდება არასწორია.

ერთი კვირის წინ ქართულმა საზოგადოებამ შოკისმომგვრელი ამბავი გაიგო. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ფეხბურთელი ახალგაზრდებს შორის აგრესიას ემსხვერპლა, ახლა მხოლოდ ისაა გასარკვევი – ეს იყო მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები აგრესიულობით გამოირჩევიან და რასაც ზოგჯერ მათივე თანატოლის სიცოცხლე ეწირება. ამის კიდევ ერთი ტრაგიკული მაგალითი ხორავას ქუჩის საქმეა.

საზოგადოებაში მსჯელობენ იმაზე, რა იწვევს ახალგაზრდებში აგრესიის ჩამოყალიბებას. „აიპრესი“ დაინტერესდა, ხომ არ არის ამ აგრესიის ერთ-ერთი მაგალითი პოლიტიკოსებს შორის აგრესიული დამოკიდებულება, მაშინ როდესაც საინფორმაციო ველი გაჯერებულია პოლიტიკით და ხომ არ ხდება მაპროვოცირებელი ახალგაზრდებში დამოკიდებულება, რომ თუ ზრდილობიანი და წყნარი ხარ დაიჩაგრები. საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს გავიხსენებთ.

პარლამენტში მყოფი პრემიერი გიორგი გახარია ოპონენტებს „კურდღლებს“ უწოდებს და დეპუტატებს მიმართავს ისეთი არაპოლიტიკური ტერმინოლოგიით, როგორიც არის „ე, ბიჭო მაცადე“. „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია კი ბიძინა ივანიშვილზე ამბობს, რომ „გადაეცით ფეხებზე გვკიდია“. „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი მელიაზე ამბობს, რომ მებრძოლი ბიჭია და „შუბლით გაანგრევს“ გლდანს, ხოლო ხაბეიშვილზე ამბობს, რომ „ისიც მოქოქილია“ და დიდი შანსია მოიგონ. მას ამგვარი დამოკიდებულება სულაც არ აქვს შალვა შავგულიძის მიმართ, რომელიც არც აგრესიული პოლიტიკოსია და ზრდილობითაც გამოირჩევა. აღარაფერს ვამბობთ პარლამენტში მომხდარი ჩხუბებსა თუ ერთმანეთის მიმართ დედის გინებაზე. ეს მხოლოდ ამ აგრესიული პოლიტიკის მცირე მონაკვეთია.

„აიპრესმა“ ამ მაგალითებზე დაყრდნობით რამდენიმე რესპონდენტის აზრი მოისმინა, მათ შორის ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი და პიარის სპეციალისტი. გთავაზობთ მათ მოსაზრებებს:

ფსიქოლოგი დიმიტრი ნადირაშვილი ამბობს, რომ ასეთი აგრესიული გარემო რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ყველაზე.

„მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ როგორ აფასებს. ზოგიერთისთვის მისაბაძი ხდება, ზოგიერთისთვის პირიქით და ისინი ასეთ რეაქციას მიიჩნევს მისთვის მიუღებლად და იდენტიფიკაციას არ ახდენს და მიბაძვას არ ახორციელებენ. ასე, რომ ერთმნიშვნელოვანი არ არის. ვისაც მოსწონს, წარმატებულად მიაჩნია, ხოლო ვინც მიიჩნევს, რომ ეს ნეგატიური მოვლენაა, ისინი არ ბაძავენ არც ინფორმაციის წყაროს და არც პიროვნებას.

კი, ეს მეტწილად დამოკიდებულია მენტალიტეტზე და იმაზე რამდენად წარმატებულად მიაჩნიათ და რამდენად მისაღებად, ვინც აღიქვამენ ასეთ ქცევას. ზოგიერთს შესაძლოა მისაბაძად მიაჩნდეს, ზოგიერთს პირიქით. ვიცნობ ბევრს, რომლებსაც პირიქით განზიდვა აქვს და უარყოფითი რეაქცია ასეთ ადამიანებზე და მათ სხვაგვარი ქცევები მიაჩნიათ სწორად. ანუ, აგრესიული გარემო ერთმნიშვნელოვნად აგრესიულ ადამიანებს არ აყალიბებს და შესაძლოა საწინააღმდეგო ეფექტს ქმნიდეს და ეს ასე მარტივად არ არის“, – გვითხრა ფსიქოლოგმა.

პიარის სპეციალისტი და „ჯეპრას“ კონსულტანტი კახა მაღრაძე კი „აიპრესთან“ საუბრისას ამბობს, რომ ლოგიკურად გავლენის მომხდენია აგრესიული პოლიტიკა ახალგაზრდებზე, მაგრამ ამას სჭირდება კვლევები.

„ამაზე ზუსტი პასუხისთვის საჭიროა კვლევები, რომ აგრესიული ლექსიკა და ტერმინოლოგია, რომელსაც პოლიტიკური ჯგუფები და მათი წამომადგენლები იყენებენ კორელაციაშია აგრესიულობის, ძალადობის თუ ფიზიკური დაპირისპირების მატებასთან ახალგაზრდობაში. მაგრამ ამისთვის საჭიროა სტატისტიკაც – მოიმატა ასეთმა შემთხვევებმა თუ დაიკლო. რაც ადრე ბანკეტებზე და ქეიფებზე ჩხუბები ხდებოდა, ის რჩებოდა იქვე, ახლა კი სოციალური ქსელების თუ მედიის საშუალებებითაც ასეთი ფაქტები უფრო აქტიურად შუქდება. იმატა საინფორმაციო ნაკადებმა და წყაროებმა, შესაბამისად აგრესიის, ფიზიკური ძალადობისა და მსგავსი ფაქტების შესახებაც იმატა“, – განაცხადა კახა მაღრაძემ.

კითხვაზე, ხომ არ მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და სწორ კალაპოტში გადავიდეს პოლიტიკური პროცესები და არა აგრესიულ რიტორიკაში? – მაღრაძე პასუხობს:

„რა თქმა უნდა პოლიტკორექტულობა და ერთმანეთის მიმართ კონსტრუქციული დამოკიდებულება სჯობს, რადგან პროცესი ჯანსაღი იქნება. პოლიტიკოსების ასეთი დაპირისპირება ნიშნავს, რომ თანამშრომლობის სივრცე ნაკლებია. ნაკლებია სივრცე კონსტრუქციული ურთიერთობების. თუ პოლიტიკური ჯგუფები არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, მაშინ სულ ერთი ჯგუფი უნდა გვყავდეს საკონსტიტუციო უმრავლესობით და მართავდეს ქვეყანას?! რაღაც დროს მოუწევს ეს და არანაირი ნიშანი არ არსებობს ამ ეტაპზე, რომ მათ ეს კარგად გამოუვათ.

მეორე საკითხია ის, რომ პოლიტიკოსებს ბევრი მიმართულებით აქვთ პასუხისმგებლობა, მაგრამ ნუ ავკიდებთ ამ ადამიანებს საზოგადოების მორალური სახის იმიჯს. ანუ იმას, რომ თუ პოლიტიკოსი ხარ, კარგად უნდა იქცეოდე და შენ თუ აგრესიულად იქცევი, მაშინ ბავშვები ერთმანეთს დაუწყებენ ცემას. ეს ჩემი აზრით ამ ყველაფრის ძალიან ინფანტილური ახსნაა. პოლიტიკოსები ყველგან უპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ის, რომ თანამშრომლობისთვის სივრცეს არ ტოვებდნენ, ასე ვერ გამოვა. მხედველობაში მაქვს განვითარებული დემოკრატიული საზოგადოებები. აქ რომ წარმოვაჩინოთ პოლიტიკოსი იმგვარად, რომ მის მიმართ მოთხოვნა გვქონდეს, ის იყოს იდეალური ადამიანი და დიმიტრი გელოვანი, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია, რომ ჩვენი საზოგადოება დიმიტრი გელოვანი იყოს და ვერც ვერასოდეს იქნება. რა საზოგადოებაც ვართ, იმ საზოგადოების სახეა პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფები. რაღაც განყენებულად განვიხილავთ ხოლმე, რომ ისინი ცუდი ტიპები არიან და საზოგადოება კარგი ტიპები ვართ… პოლიტიკოსები რომ არ იყვნენ ცუდები და ბოროტები, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, ასეთ დასკვნას თუ გავაკეთებთ, მაშინ ძალიან მიამიტები ვიქნებით“, – განაცხადა კახა მაღრაძემ.

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე დაფიქრებაა საჭირო ყველას მხრიდან.

„მაგრამ პოლიტიკოსები როდესაც ზრდილობიანად იქცეოდნენ, ახალგაზრდები მაშინაც ავლენდნენ აგრესიას. თან ყველა ქვეყანაში გამოირჩევიან ახალგაზრდები აგრესიულობით, ეს არის ასაკობრივი მომენტი. თან ყველაფერთან ერთად ჩვენი ახალგაზრდები არ უყურებენ პოლიტიკას. ასე, რომ მეეჭვება, რომ ეს გავლენა გადადიოდეს მათზე.

ჩვენ საზოგადოებაში და მით უფრო ახალგაზრდებში პოლიტიკა განიცდის დისკრედიტაციას აი ამის გამო, რაც თქვენ ახსენეთ. დისკრედიტირებულ სფეროში ახალგაზრდები არ მიდიან. რასაც ხშირად ამბობენ ხოლმე ანალიტიკოსები, რომ ერთი და იგივე სახეებია, ნაწილობრივ იმითაც არის ეს განპირობებული, რომ გული არ მიუწევთ პოლიტიკისკენ, რადგან პოლიტიკოსები იქცევიან ისე, როგორც იქცევიან“, – უთხრა „აიპრესს“ რამაზ საყვარელიძემ.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ რა თქმა უნდა გავლენა აქვს პოლიტიკოსების ქმედებას ახალგაზრდებზე.

„მსგავს მეტყველებას ნებისმიერ ადამიანზე აქვს გავლენა. როგორც დადებითი, ისე უარყოფითი აზრით. მე პირადად მაღიზიანებს, როდესაც მსგავს მეტყველებას ვისმენ პოლიტიკური სივრცისგან. იმიტომ, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის პოლიტიკური დეფიციტის ნიშანი, როდესაც შენ იძულებული ხარ, რომ მეტყველების ამ ტონალობით უფრო მიიქცევ ყურადღებას, მეტ სიმპათიას დაიმსახურებ და ა. შ. რას იზამ, ეს ადამიანები ასე ფიქრობენ. ზოგადად ეს არის პოლიტიკური სიმწირის ნიშანი“, – ამბობს ფირალიშვილი.

კითხვაზე, ხომ არ ხდება იმის დემონსტრირებაც პოლიტიკოსების მხრიდან, რომ თუ ზრდილობიანი ხარ და არ უზრდელობ, მაშინ დაიჩაგრები და ესეც ხომ არ არის გავლენის მომხდენი ახალგაზრდებზე? – რაზეც ზაზა ფირალიშვილი „აიპრესს“ ასე პასუხობს:

„შეიძლება. შესაძლოა ვიღაცას მართლა ასე მიაჩნია, მაგრამ რეალურად ასე ნამდვილად არ არის. ბევრი პოლიტიკური ლიდერი მახსენდება, რომლებსაც არც გამოუყენებია ასეთი აგრესიული გამოთქმები. საზღვრებს არ გადასულან თავის გამოთქმებში, მაგრამ მათ გავლენა არ დაუკარგავთ, პირიქით სერიოზულ სიმპატიას იმსახურებენ. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ასეთი „მაჩოისტური“ ტონალობით უფრო მოიპოვებენ სიმპათიას. ეს იმ ადამიანების პრობლემაა, მათი კომპლექსებისა და მრწამსის პრობლემაა, რომ ასე თუ დამკვიდრდებიან საზოგადოებაში“, – გვითხრა ზაზა ფირალიშვილმა.

ცხადია, არც ჩვენ ვამტკიცებთ და არც ჩვენი რესპონდენტები, რომ რაც ამ ქვეყანაში ხდება ყველაფერი პოლიტიკოსების ბრალია, მაგრამ პოლიტიკოსების აგრესიული ქცევა რომ ხშირად საზოგადოების განვითარების შემაფერხებელია, ესეც აშკარაა. ისიც ფაქტია, რომ ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს იმაზე, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება – მათ შორის განათლების სისტემას, საზოგადოებასა თუ მედიას.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად