ფარიკაობის მსოფლიოს თასზე საქართველომ ეგვიპტე დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა

თბილისის ახალი სპორტის სასახლე (უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) პირველად საქართველოში ფარიკაობის მსოფლიო თასს მასპინძლობს, სადაც 32 ქვეყნის 160 უძლიერესი სპორტსმენი მონაწილეობს.

9 და 10 ოქტომბერს ინდივიდუალური ორთაბრძოლები გაიმართა, 11 ოქტომბერს კი გამარჯვებული გუნდურ შეჯიბრებაში გამოვლინდება. საქართველოს ნაკრებმა მე-16 ფინალში ეგვიპტეს 45:35 მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონ სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მსოფლიო თასი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სალიცენზიო ტურნირიცაა. თბილისის მსოფლიო თასის ორგანიზატორია საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია. გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები სალიცენზიო ქულებთან ერთად, თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

2014 წელს თბილისმა მოფარიკავეთა შორის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, 2017 წელს კი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს დედაქალაქში დიდებს შორის ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასზე: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ლუკა ობოლაძე, ნიკა შენგელია, ტატო ბარათაშვილი, ოთარ გიორგაძე, სერგი გოგლიძე, ვაჟა ღეჭია, დავით უკლება, გივი მერკვილაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად