ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა გზა გახსნეს და მერიას დრო სამშაბათამდე მისცეს

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე, აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა მას შემდეგ გახსნეს, რაც მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი მათ პრობლემის მოგვარებას შეპირდა.

როგორც მან განაცხადა, სატვირთო მანქანებისთვის ალტერნატიულ გზას გამოძებნიან. “როგორც ვიცით, ნავსადგურში დაახლოებით 40-50%-ით მოიმატა ტვირთბრუნვამ, ამან თავისთავად გაზარდა სატვირთო მაქანების მოძრაობა, რაც ბუნებრივია იწვევს ცოტა ხმაურს, რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილოა. შევთანხმდით იმაზე, რომ ქალაქი მოძებნის ალტერნატიულ გზებს, რათა მჭიდროდ დასახლებულ მოსახლეობასთან მოხდეს სატვირთო მანქანების არიდება“ – განაცხადა მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა. აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პრობლების მოსაგვარებლად დრო სამშაბათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის განახლებით იმუქრებიან.

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ,  წლებია, მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვას ითხოვენ, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე, ცემენტის ქარხნის მუშაობას აპროტესტებენ, რადგან მათი მტკიცებით, სატვირთო მანქანებით სხვადასხვა მავნე ნივთიერების ტრანსპორტირება ხდება, ხოლო ქარხნიდან გამოფრქვეული მტვერი ჯანმრთელობას აზიანებს.

„აქ შეკრებილები ვაპროტესტებთ ცემენტის ქარხნის მუშაობას, საიდანაც მტვერი იფრქვევა, ის ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. ასევე ვაპროტესტებთ მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას, რომლებიც მავნე ნივთიერების ტრანსპორტირებას ახორციელებენ. არ გვინდა, რომ ამ მანქანებმა ჩვენს ქუჩაზე იმოძრაონ. უკვე მერამდენედ ვიკრიბებით, მაგრამ ამ დრომდე აღნიშნული საკითხი არ მოგვარდა. გამონახონ ამ მანქანების სამოძრაოდ სხვა, ალტერნატიული გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს გავმართავთ,” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად