ფალავანდიშვილი: ივანიშვილის პასუხისმგებლობაა, რომ არა პოლიცია, ფილმი არ გავიდოდა

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი გუშინ მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

როგორც მან  “ვერის ბაღში” დღევანდელ შეკრებაზე განაცხადა, რომ არა სამართალდამცველები, ისინი კინოთეატრებში შევიდოდნენ და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას გამორთავდნენ.

ფალავანდიშვილის განმარტებით, დღეს ფიზიკური დაპირისპირება არ იქნება, რადგან საპროტესტო აქციის მონაწილეები კინოთეატრებთან  ტრანსპარანტებით ყველა კინოთეატრთან მივლენ.

„მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, პირადად მისი პასუხისმგებლობაა, ეგ არის ლობისტი. რომ არა მისი პოლიცია, ფილმი არ გავიდოდა. ვერავინ გაბედავდა ამ ფილმის ჩატარებას, არც კი მოვიდოდნენ კინოთეატრში ეს ევროკავშირის ელჩები, რომ არა ივანიშვილის მთავრობა. დღეს გუშინდელის მერე ვიშუშებთ ჭრილობებს ფიზიკუარადაც და მორალურადაც. სასამართლოებია ჩვენი ძმების, რომლებსაც მალე გამოუშვებენ  იმედია“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ცნობისათვის: კინოთეატრ „ამირანთან“ და „გალერია თბილისთან“, სადაც ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.

ამასთან, კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო, ორი ხელწერილით გათავისუფლდა, ერთს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად