პეტრას ციხეზე არქეოლოგიური ექსპედიცია დასრულდა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, პეტრას ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა შიდაციხის უბნებზე. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ექსპედიციის დროს გაკეთებული აღმოჩენები, სიახლეს წარმოადგენს, ამასთან ნაგებობა გაიწმინდა და მომზადდა კონსერვაციისთვის.

„ექსპედიციამ შეისწავლა ტერიტორია აღმოსავლეთ კარიბჭის დასავლეთის მიმართულებით. ბაზილიკის მინაშენის კედელი გაგრძელდა დასავლეთის მიმართულებით. სავარაუდოდ, აღნიშნული კედელი, ქრონოლოგიურად სხვადასხვა ნაგებობის ნაშთს წარმოადგენს. კედელი დასავლეთით სრულდება ნახევრადწრიული ფორმის წყობით, რომელიც მოქცეულია ბაზილიკის ჩრდილოეთ მინაშენისა და ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავს შორის. ეს აღმოჩენა სიახლეს წარმოადგენს. წინასწარი დაკვირვებით, ნახევრადწრიული ნაგებობა სამნავიან ბაზილიკაზე ადრეული ჩანს, რადგან იკვეთება ბაზილიკის ჩრდილოეთი ნავის კედლით და შესაძლოა წარმოადგენდეს ადრე აღმოჩენილი ადრეული ნაგებობის კუთვნილებას.
სამნავიანი ბაზილიკის შიდა სივრცეში გაითხარა აღნიშნულ ნაგებობაზე ადრეულად მიჩნეული ნაგებობის ნაშთები. კერძოდ, დაზუსტდა ამ უკანასკნელის ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლის კონტურები, უფრო მკაფიოდ გამოჩნდა სხვადასხვა პერიოდის წყობათა ურთიერთკვეთის სურათი“,- აცხადებენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.
არქეოლოგიური გათხრები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით განხორციელდა. ექსპედიცია მომავალ წელს კვლავ გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად